ახალი ამბები

სასულიერო პირს 17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებული ბრალდებები მოეხსნა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის ჩაშლასთან დაკავშირებული ბრალდებები მოუხსნა სასულიერი პირს და ამის მიზეზად საქმეში „ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის არარსებობა“ დაასახელა.

სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა, კიდევ ერთ სასულიერო პირს, იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას მიმართ, და მათთან ერთად კიდევ სამ პირს მაისის ბოლოს შეკრებისა და მანიფესტაციის მოწყობისთვის უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით წაუყენეს ბრალი.

თამაზ ბიჩინაშვილი 17 მაისის ძალადობის ამსახველ ერთ–ერთ ვიდეოში ჩანს, სადაც იგი იგინება და ყვირის „დაგხოცავთ“ იმ დროს, როდესაც კონტრდემონსტრანტები ლგბტ აქტივისტებისკენ მირბიან.

1 აგვისტოს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ განაცხადა, რომ „იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ამოღებული ვიდეოჩანაწერი არის უტყუარი მტკიცებულება, ასეთ შემთხვევაშიც კი საქმეზე წარმოდგენილია მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მტკიცებულება ბრალდებულ თამაზ ბიჩინაშვილის მიმართ და  შესაბამისად საქმეზე არ არსებობს ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა", რამაც განაპირობა ბიჩინაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა.

ადვოკატები იგივე გადაწყვეტილებას ითხოვდნენ დანარჩენო ოთხი ბრალდებულის მიმარ, თუმცა მოსამართლემ ამ ოთხი პირის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები დასაშვებად მიიჩნია, შესაბამისად სასამართლო საქმის არსებით განხილვას დაიწყებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button