აშშ–ის ელჩი საქართველოში გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის ვიზიტის შესახებ
გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი რობერტ მიულერი 8 მაისს თბილისს ესტუმრა, რათა საქართველოს ხელისუფლებასთან კონტრტერორიზმში თანამშრომლობის საკითხი განეხილა, მათ შორის 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჭრილში, განაცხადა აშშ–ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა.
მან ეს განცხადება ოთხშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა მას შემდეგ, რაც სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა 2012 წლის აგვისტოში ლოპოტას ხეობაში შეიარაღებულ შეტაკებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე. პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა ვარაუდი გამოთქვა, რომ აგვისტოში მომხდარი შეტაკების გამოძიებამ შესაძლოა გაამყაროს სახალხო დამცველის ბრალდებები, რომ წინა ხელისუფლებამ გაწვრთნა და შეაიარაღა მებრძოლები, რათა შემდგომ ისინი ჩრდილოეთ კავკასიაში გაეგზავნა.
კითხვაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და „საჭიროა“ ამგვარი გამოძიება, განსაკუთრებით რუსული ბრალდებების ფონზე, რომ საქართველო ტერორისტებს წვრთნის, აშშ–ის ელჩმა უპასუხა: „ვფიქრობ, რომ ბოსტონის მარათონის დროს მომხდარი აფეთქებების შემდეგ ყველა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს და ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ გამოძიების მიმართაც იქნება ინტერესი, რათა დარწმუნდნენ, რომ ეს კარგი, სრულყოფილი გამოძიებაა“.
მან ასევე დასძინა, რომ „მთელი რიგი ქვეყნები ეხმარებიან ამერიკის შეერთებულ შტატებს ბოსტონის მარათონის დროს მომხდარი ინციდენტის გამოძიებაში“.
„გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი რობერტ მიულერი დღეს ქალაქში იმყოფებოდა, რათა შეხვედრები გაემართა შინაგან საქმეთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროში და პრემიერ–მინისტრთან და სწორედ ამგვარი საკითხები განეხილა, და ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ თანამშრომლობის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებისგან ვიღებთ“, – განაცხადა აშშ–ის ელჩმა.
როდესაც მას სთხოვეს დეტალურად ესაუბრა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის ვიზიტის შესახებ, ელჩმა ნორლანდმა უპასუხა: „გამოძიების ფედერალური ბიურო პასუხისმგებელია დაიცვას ამერიკელები ტერორიზმისგან და ამრიგად სოჭის ოლიმპიური თამაშების მოახლოებასთან ერთად, ბატონი მიულერი კონსულტაციებს მართავს რეგიონში იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს სპორტსმენების დასაცავად მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე“.
8 მაისს თბილისში ჩამოსვლამდე, მიულერმა 7 მაისს მოსკოვში გამართა მოლაპარაკებები.
აშშ–ის ელჩმა ეს განცხადება ჟურნალისტებისთვის მას შემდეგ გააკეთა, რაც პრემიერ–მინისტრ ივანიშვილთან და ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად ამერიკის მთავრობის დაფინანსებით შექმნილი ბიოლოგიური კვლევების ლაბორატორია მოინახულა.
შეერთებულმა შტატებმა უკვე განახორციელა 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია რიჩარდ გ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში, რომელიც მიზნად ისახავს „გააძლიეროს და განავითაროს საზოგადოებრივი და ცხოველთა ჯანდაცვა ინფექციურ დაავადებათა აღმოჩენის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობისა და კვლევის გზით“.
„ეს ქართული ობიექტია და მისი კონტროლი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზე გადადის, რომელიც განახორციელებს მის მართვას ამერიკის შეერთებული შტატების ექსპერტებთან თანამშრომლობის და პარტნიორობის გზით“, – განაცხადა ელჩმა ნორლანდმა.
„ამ ობიექტს რეგიონალური მნიშვნელობა აქვს. ეს არის უმაღლესი დონის ობიექტი, რომელსაც ანალოგი არ აქვს რეგიონის მასშტაბით“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ლაბორატორია ღიაა რეგიონიდან ნებისმიერი ექსპერტის მონაწილეობისთვის.
„ეს არის ღია მოწვევა მონაწილეობისთვის ამ უმაღლესი დონის სამეცნიერო დაწესებულაში“, – განაცხადა აშშ–ის ელჩმა.
This post is also available in: English (ინგლისური)