
ქართული ოცნების კანდიდატები შუალედურ არჩევნებში სამივე ოლქში ლიდერობენ
ქართული ოცნება, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, სამივე მაჟორიტარი დეპუტატის მანდატს იგებს შაბათს ნაძალადევის, ბაღდათის და სამტრედიის ერთმანდატიან ოლქებში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებში.
ნაძალადევის ოლქის 99-ვე უბნის შედეგების მიხედვით, სადაც ყველაზე დაძაბული კონკურენცია იყო, ქართული ოცნების კანდიდატი თამარ კორძაია ხმათა 39.48%-ით ლიდერობს.
მას დაახლოებით ორჯერ ჩამორჩება თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავა, რომელმაც ხმათა 17.26% მიიღო; მესამე ადგილზე მოდის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი პაპუნა დავითაია 15.11%-ით; დამოუკიდებელმა კანდიდატმა სოსო მანჯავიძემ 12.95% დააგროვა, ხოლო კიდევ ერთმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა ზვიად ჩიტიშვილმა – 11.46%; ლეიბორისტული პარტიის კანდიდატმა გიორგი გუგავამ 3.14%-ის მხარდაჭერა მიიღო; დანარჩენ ოთხ კანდიდატს 1%-ე ნაკლები აქვს მიღებული თითოეულს.
ნაძალადევის ოლქში რეგისტრირებული 140 892 ამომრჩევლიდან, ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 27.97%-მა მიიღო. კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ხმას იღებს, თუმცა არანაკლებ არჩევნებში მონაწილეთა 30%-ს, მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებულად ითვლება.
ბაღდათის ერთმანდატიან ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა პაატა კიკნაველიძემ 61.92%-ით გაიმარჯვა 28-ვე უბნის წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით.
მას მოყვება ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ვლადიმერ წიქორიძე ხმების 21.15%-ით; დამოუკიდებელი კანდიდატები ზურაბ მსხვილიძე და რომან რობაქიძე, რომლებმაც, შესაბამისად, ხმების 9.62% და 6.65% დააგროვეს.
ბაღდათის ოლქი, სადაც 23 351 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ყველაზე მაღალი – 48.35%-იანი აქტივობით გამოირჩეოდა.
სამტრედიის ერთმანდატიან ოლქში ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი კახიანი, დანარჩენ ორ ოლქთან შედარებით, ყველაზე დიდი უპირატესობით ლიდერობს ხმათა 80.94%-ით; ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ემზარ შუბლაძემ 18.69% მიიღო.
სამტრედიაში რეგისტრირებული 48 455 ამომრჩევლიდან შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა 43.55%-მა მიიღო.
წინასწარი ოფიციალური შედეგების მიხედვით, ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა 150-წევრიან პარლამენტში 86 დეპუტატამდე გაიზრდება; ამჟამად ნაციონალური მოძრაობა უმცირესობაში 53 დეპუტატით არის წარმოდგენილი, ხოლო დანარჩენი დეპუტატები არიან ისინი, ვინც ნაციონალურ მოძრაობას 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაემიჯნენ.
სამი მაჟორიტარის ადგილი პარლამენტში ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 1 ოქტომბერს ნაძალადევში გამარჯვებულ თეა წულუკიანს, ბაღდათის ყოფილ მაჟორიტარს არჩილ კბილაშვილს და სამტრედიაში გამარჯვებულ კახი კალაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის გამო.
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატმა მცირედი უპირატესობით 49.3%-ით სძლია ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, რომელსაც 48.74% ჰქონდა მიღებული; სამტრედიაში ქართული ოცნების კანდიდატმა 53.63% დააგროვა, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა – 43.91%; თბილისის ნაძალადევის ოლქში კი 1 ოქტომბერს ქართული ოცნების კანდიდატმა არჩევნები 72.19%-ით დამაჯერებლად მოუგო კონკურენტს ნაციონალური მოძრაობიდან, რომელმაც ხმათა 23.9% დააგროვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)