ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე კომენტარს აკეთებს

სექსუალური უმცირესობებს ისეთივე უფლებები აქვს როგორიც სხვა მოქალაქეებს და საზოგადოება „ნელ-ნელა ამას შეეჩვევა“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სამშაბათს, როცა მას ჰომოფობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად 17 მაისს თბილისის ცენტრში დაგეგმილ აქციაზე კითხეს.

იმავე დღეს დაგეგმილია ამ აქციის საწინააღმდეგო გამოსვლაც.

„სექსუალური უმცირესობები, მრავალჯერ განმიცხადებია მე, ისეთივე მოქალაქეები არიან, როგორსაც ჩვენ წარმოვადგენთ, თითოეული ჩვენთაგანი… საზოგადოება ჩვენი ნელ-ნელა ამას შეეჩვევა. მე ვიცი რომ კითხვები არსებობს, არსებობს ხალხის ნაწილი, რომელიც ამას ვერ ღებულობს. ამისთვის არსებობს ჩვენს სახელმწიფოში სამართალდამცავი სტრუქტურები და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნებისმიერი უმცირესობების უფლებები დავიცვათ და ასე იქნება ამ შემთხვევაშიც“, – განაცხადა ივანიშვილმა 14 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

კითხვაზე თუ როგორ იმოქმედებს ხელისუფლება იმ ვითარებაში, როცა ისმის მუქარები ლგბტ უფლებების დამცველთა მიმართ, ივანიშვილმა უპასუხა: „დავაშორებთ [დაგეგმილ ორ პარალელურ აქციას] ალბათ, მე კონკრეტულად ვერ გეტყვით როგორ მოხდება ეს პროცესი, მაგრამ არსებობს პოლიცია, ჩადგება შუაში და მათაც მისცემს საშუალებას და არ მისცემენ ხელის შეშლის უფლებებს და დაიცავენ ყველა ადამიანის უფლებებს“.

როდესაც ჟურნალისტი ერთსქესიან ქორწინებაზე მისი მოსაზრებით დაინტერესდა, ივანიშვილმა უპასუხა, რომ „ეს აქტუალური არაა დღეს“; მან ასევე განაცხადა, რომ საკითხის ზედმეტად გამძაფრება არ არის საჭირო.

ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაციის „იდენტობა“ ინფორმაციით, 17 მაისს თბილისის ცენტრში ჰომოფობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად პარლამენტის ყოფილი შენობის წინ დაგეგმილი აქცია დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდება.

შარშან, როდესაც ლგბტ აქტივისტები ამ დღის აღსანიშნავად თბილისის ცენტრში პირველ ასეთ მანიფესტაციას მართავდნენ, მართლმადიდებლურმა ჯგუფებმა მათი მსვლელობა ჩაშალეს, რასაც დაპირისპირება მოყვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button