skip to content
ახალი ამბები

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, პრეზიდენტი რეინტეგარციის სამინისტროს სახელწოდების შეცვლას აჭიანურებს

სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა პარასკევს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი აჭიანურებს მისი სამინისტროს სახელწოდების შეცვლის შესახებ ინიციატივის მხარდაჭერას. 

2008 წლის იანვარში, როდესაც კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი დაერქვა, ახალმა სახელწოდებამ სოხუმის და ცხინვალის უკმაყოფილება გამოიწვია; იმ დროს ორივე სეპარატისტული რეგიონის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გააფრთხილეს კიდეც, რომ ისინი არ ჩაერთვებოდნენ მოლაპარაკებებში „რეინტეგრაციის“ საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან. 2008 წლის ივლისში პრეზიდენტმა სააკაშვილმა რეინტეგრაციის საკითხებში მაშინდელ სახელმწიფო მინისტრს თემურ იაკობაშვილს კონფლიქტის მოგვარების საკითხებში მისი სპეციალური წარმომადგენლის სტატუსი მიანიჭა.

ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ იგი 2008 წელსაც აკრიტიკებდა სამინისტროსთვის სახელის შეცვლას და მას შემდეგ, რაც იგი თავად გახდა სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში 2012 წლის ოქტომბერში, ჰქონდა „კონტაქტები აფხაზურ და ოსურ მხარესთან", რა დროსაც "შევპირდი კიდევაც მათ რომ აუცილებლად შევცვლიდი სახელს“. 

თუმცა, პრეზიდენტი სააკაშვილი არ აწერს ხელს მთავრობის მიერ ნეომბერში დამტკიცებულ წინადადებას, განაცხადა ზაქარეიშვილმა. მისი თქმით, მან ამ პროცესის გაჭიანურების მიზეზები არ იცის, რადგანაც პრეზიდენტმა არც დადებითი პასუხი გასცა შემოთავაზებას და არც უარყოფითი.

მან თქვა, რომ ვერ დაასახელებს ახალ სახელწოდებას ამ ეტაპზე, რადგან სოხუმი და ცხინვალი დაიწყებს ამ სახელის „წინასწარ კრიტიკას“ და არ სურს, რომ მოხდეს ახალი სახელის დისკრედიტაცია მაშინ, როდესაც ის ჯერ დამტკიცებულიც კი არ არის. 

„[ახალი შემოთავაზებული] სახელი ძალიან ნორმალურია; მაქსიმალურად შევეცადეთ ყოფილიყო ნეიტრალური,“ – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ვერ ხერხდება სამინისტროსთვის სახელის გადარქმევა, აფერხებს მის კონტაქტებს სოხუმთან და ცხინვალთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button