ახალი ამბები

პარლამენტმა ჩააგდო პრეზიდენტის ინიციატივა ეკონომიკური ამნისტიის თაობაზე

პარლამენტმა 7 მარტს პირველი მოსმენით კენჭისყრის დროს ჩააგდო პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ეკონომიკური ამნისტიის პროექტი.

ინიციატივა 2013 წლამდე ჩადენილი ეკონომიკური დანაშაულის, ასევე დაგროვილი საგადასახადო დავალიანებების პატიებას და  კონფიდენციალურობის დაცვის პირობით დაფარული ქონების ლეგალიზაციას ითვალისწინებდა. 

ეს პროექტი პარლამენტის სხდომაზე განსახილველად ოთხი კომიტეტის: იურდიული, ადამიანის უფლებათა, საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების უარყოფითი დასკვნებით იქნა გატანილი. მის მიღებას ასევე ეწინააღმდეგებოდა საქართველოს მთავრობა.

ინიციატივის მიღების საწინააღმდეგო ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა მთავრობასთან არ შეათანხმა მისი შინაარსი. დეპუტატებმა „ქართული ოცნებიდან“ ასევე განაცხადეს, რომ ინიციატივა მიზნად ისახავდა ყოფილი მთავრობისადმი ლოიალური ბიზნესებისთვის დავალიანებების ჩამოწერას, ასევე მათთვის შესაძლო ეკონომიკური დანაშაულის პატიებას. მათივე თქმით, ინიციატორებმა ვერ წარმოადგინეს ის საფინანსო გათვლები, თუ რა რაოდენობით თანხებს იზარალებდა ბიუჯეტი კანონპროეტის მიღების შემთხვევაში.

დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან უარყვეს ინიცირების პროცესში შესაძლო პროცედურული დარღვევების არსებობა და განაცხადეს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც უმრავლესობამ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა იყო ის, რომ ინიციატივა პრეზიდენტს ეკუთვნოდა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button