
სამეგრელოს ახალი გუბერნატორი თენგიზ გუნავა გახდა
- სააკაშვილი: გუბერნატორებზე „გადის ის ბრძოლის ხაზი, რომ საქართველოში არ მოხდეს კორუმპირებული, კრიმინალური წარსულის რესტავრაცია“.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი წარუდგინა 10 იანვარს.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალ გუბერნატორად თენგიზ გუნავა დღეს ზუგდიდიში გამართულ შეხვედრაზე წარადგინა და განაცხადა, რომ მისი ახალი რწმუნებულის ფუნქცია იქნება დაიცვას წინა ხელისუფლების მონაპოვარი.
გუნავამ ამ თანამდებობაზე სამი თვის წინ დანიშნული ზაზა გოროზია შეცვალა.
თენგიზ გუნავა, რომელიც წინა მთავრობის მმართველობის დროს სამეგრელოს რეგიონის პოლიციის უფროსად მუშაობდა, ხოლო შემდეგ შსს-ს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი იყო, რამდენიმე ეპიზოდთან დაკავშირებით არის ბრალდებული და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული.
ნოემბრის შუა რიცხვებში ის იარაღთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის დააკავეს. 10 000 ლარიანი გირაოს გადახდის შედეგად გათავისუფლების შემდეგ, გუნავამ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები გამოგონილი იყო, რადგან მას იარაღი და ნარკოტიკები ჩაუდეს. მართალია მისი ეს ეჭვი არ დაადასტურა, თუმცა შსს-მ ამ საქმის შესწავლის შედეგად ხუთი პოლიციელი დაითხოვა სამსახურიდან. ნოემბრის ბოლოს, პირველი დაკავებიდან ორ კვირაში, გუნავა ისევ დააკავეს გაფლანგვის ცალკე საქმეზე და ისევ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
10 იანვარს პროკურატურამ კიდევ ერთი ახალი ეპიზოდის შესახებ განაცხადა, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსად გუნავას მუშაობის პერიოდს უკავშირდება. საქმე ეხება 2012 წლის მარტში ზუგდიდის რკინიგზის სადგურზე მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც, პროკურატურის განცხადებით, გუნავამ საკუთარ მძღოლს შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ამოიღო იარაღი, რისი წართმევის მცდელობის დროს დაჭრა ადგილზე მყოფი სვანეთის სოდ-ის უფროსი ბაკურ გულუა და ასევე შემთხვევის ადგილიდან უკვე საკმაოდ დაშორებული მისი მძღოლი, კახაბერ იზორია, რომელსაც „დამიზნებით ესროლა“ – ორივე მათგანი ფეხის არეში დაიჭრა.
მთავარი პროკურატურის განცხადებით, მან გუნავას მიმართ გამოძიება დაასრულა და საქმეებს არსებითი განხილვისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნის.
სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი, თენგიზ გუნავა ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა პრეზიდენტი სააკაშვილი.
გუბერნატორად წარდგენისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა თენგიზ გუნავას 2008 წლის ომის „გმირი“, „საქართველოს პატრიოტი, ძალიან წესიერი და გამორჩეული მოქალაქე“ უწოდა.
„მისი ფუნქცია არ არის კონფრონტაცია, თუმცა მისი ფუნქცია ასევე არის დაიცვას ის მონაპოვრები, რომელიც საქართველოს ქონდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„პრეზიდენტის რწმუნებულები ამ რეგიონში და საერთოდ სხვა რეგიონებშიც, ეს არის ასევე ის ხალხი, ვიზეც გადის ის ბრძოლის ხაზი, რომ საქართველოში არ მოხდეს კორუმპირებული, კრიმინალური წარსულის რესტავრაცია და საქართველომ გააგრძელოს განვითარება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „წარსულის“ კადრები „მასიურად“ ბრუნდებიან თანამდებობებზე.
‘არანაირ პოლიტიკურ კრიზისს არ ვაწყობთ’
მიხეილ სააკაშვილმა 10 იანვარს ზუგდიდიში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში სიტუაცია „ძალიან გართულებულია“ და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „წარსულთან პაემანი“ უნდა დამთავრდეს.
„ჩვენ გვინდა, რომ მთავრობამ მიხედოს საქმეს, დაანებოს ლაპარაკი იმას, რომ როგორ ვუშლით ჩვენ ხელს – იმიტომ რომ ჩვენ არაფერში არ ვუშლით ხელს, არანაირ პოლიტიკურ კრიზისს არ ვაწყობთ“, – განაცხადა მან, „ერთადერთი რაც ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს მთავრობამ აკეთოს საქმე და მისცეს საშუალება ეკონომიკას, ხალხს განვითარდეს“.
„ეს იყო ჩვენი ამოცანა აქამდე და ეს არის ჩვენი ამოცანა მომავალშიც ამ ძალიან გართულებულ სიტუაციაში“, – დასძინა მან.
მისი თქმით, აქამდე თუ ძირითადი კითხვა იყო განვითარდებოდა თუ არა საქართველო უფრო ჩქარი ტემპით, ახლა მთავარი კითხვაა „გადარჩება თუ არა ის, რაც უკვე იყო“.
„დავბრუნდით 90-იან წლებში კითხვის დასმის კუთხითაც კი. ამიტომ მე მინდა, რომ ეს დროებითი მოვლენა იყოს“, – განაცხადა სააკაშვილმა, „წარსულთან ეს პაემანი, რომელსაც ახლა თავზე ახვევენ საზოგადოებას, დავასრულოთ, იმიტომ რომ ჩვენ მართლა ძალიან ბევრი რაღაცა გვაქვს გაკეთებული წინა წლებში, მაგრამ ბევრად მეტია გასაკეთებელი… ჩვენ ამ მხრივ გვინდა ვიყოთ ძალიან კონსტრუქციულები და ძალიან გახსნილები ყველა ტიპის ახალი თანამშრომლობისთვის“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)