skip to content
ახალი ამბები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ნაციონალური მოძრაობის კამპანიის ფინანსებზე საქმის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 9 იანვარს განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტების შესწავლა დაიწყო იმ სისხლის სამართლებრივი მასალების საფუძველზე, რომელიც მან მთავარი პროკურატურისაგან 8 იანვარს მიიღო.

მთავარმა პროკურატურმა პირველად დეკემბრის ბოლოს განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეს იძიებდა. 

9 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიების პროცესში გამოიკვეთა პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის შესაძლო დარღვევა და აუდიტის სამსახურს მასალების რეაგირებისთვის სამ ასეთ ფაქტზე გაუგზავნა.

ერთი ეხება 2012 წლის სექტემბერში ნაციონალური მოძრაობისთვის მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ძიმცეიშვილისა და კუდ-ის უფროსის ლევან ქარდავას ორგანიზებით სამინისტროს კუთვნილი 126 900 ლარის ღირებულების 54 ტონა საწვავის „თვალთმაქცური სქემით“ გადაცემას ნაციონალური მოძრაობისთვის, რაც პროკურატურის თქმით, გამოყენებული იქნა  ზუგდიდში პარტიულ ყრილობაზე მომხრეების ჩასაყვანად.

მეორე ეპიზოდი ეხება 23 სექტემბერს ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის აქციის ორგანიზებისთვის საჭირო სატრანსპორტო ხარჯებს –  120 000 ლარს, რომელიც, პროკურატურის განცხადებით, თბილისის მერის მოადგილემ დავით ალავიძემ „ფარულად, საფინანსო დეკლარაციაში ყოველგვარი ასახვის გარეშე“ გადაიხადა. 

მესამე ფაქტი უკავშირდება 28 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსისთვის" გადაცემულ ნაღდ ფულს 56 000 ლარის ოდენობით.

პროკურატურის განცხადებით ეს ფაქტები  „შეიძლება უკანონო შემოწირულობად  ჩაითვალოს, რადგან იურიდიულ პირს შემოწირულობის გაცემის უფლება არ აქვს, ხოლო კერძო პირი უფლებამოსილია შემოწირულობა გასცეს 60 000 ლარამდე“.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა უარყვეს ბრალდებები, რომელიც ოპოზიციის პოლიტიკურ დევნად შეაფასეს. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, რომელსაც ამჟამად ყოფილი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან, ლაშა თორდია ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ პროკურატურიდან მიღებული მასალების შესწავლის პროცესში გატარდება კანონით განსაზღვრული ყველა ღონისძიება, მათ შორის მოხდება იმ პირთა მოწმის სახით გამოკითხვა, რომლებიც შესაძლოა საქმის ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე ფლობდნენ ინფორმაციას. აუდიტის სამსახურის თქმით, ის გამოძიების შედეგებს მოგვიანებით გაასაჯაროებს.

ცოტა ხნის წინ პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც პარლამენტის დროებით კომისიას, რომელიც ნოემბრის ბოლოს შეიქმნა, აუდიტის სამსახურის საფინანსო საქმიანობის შემოწმებასთან ერთად ასევე მიენიჭა უფლებამოსილება განახორციელოს მისი საქმიანობის ყველა ასპექტის სრულყოფილი კონტროლი.

 

This post is also available in: English Русский

Back to top button