skip to content
ახალი ამბები

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე შეთანხმება შედგა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პრეზიდენტის ნაცვლად მთავრობას დაექვემდებარება, თუმცა მას გამოეყოფა ცალკე სამსახური, რომელიც შევა პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურაში და მხოლოდ მოქმედი პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების დაცვას უზრუნველყოფს.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა 28 დეკემბერს მეორე მოსმენით 116 მით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

ამ სადავო საკითხზე შეთანმებას დეპუტატებმა „ქართული ოცნებიდან“ და ნაციონალური მოძრაობიდან მას შემდეგ მიაღწიეს, რაც შესაბამის კანონში ცვლილებები პარლამენტს მეორე მოსმენით უკვე მიღებული ჰქონდა და ითვალისწინებდა დაცვის სპეციალური სამსახურის მთავრობაზე დაქვემდებარებას.

შეთანხმების გამო პარლამენტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით განხილვის საფეხურიდან მეორე მოსმენით განხილვაზე უკან დააბრუნა, რათა მასში მიღწეული კონსენსუსი ასახულიყო.

შეთანხმების მიღწევის მცდელობას კანონპროექტის განხილვის სამართლებრივი პროცედურების დაწყებიდანვე ჰქონდა ადგილი, თუმცა როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, კონსენსუსის მიღწევა იმის გამო ვერ მოხერხდა, რომ პრეზიდენტი მისი დაცვის უზრუნველყოფისთვის ყოველდღიურად 50 ათას ლარს ითხოვდა, რასაც მთავრობა არ ეთანხმებოდა და სანაცვლოდ 20 ათას ლარს სთავაზობდა.

ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებს, კანონპროექტის ახალი რედაქციის თანახმად, გადაწყვეტს სპეციალური კომისია, რომელიც ამ საკანონმდებლო აქტის ძალაში შესვლის შემდეგ პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობით შეიქმნება. ეს კომისია იმსჯელებს ასევე კონპეტენციების გამიჯვნაზე პრეზიდენტისა და მთავრობის დაცვის დაგეგმილ ორ სამსახურს შორის, რომლის ხელმძღვანელებსაც, შესაბამისად პრეზიდენტი სააკაშვილი და პრემიერი ივანიშვილი დანიშნავენ.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტი წელს 47 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო მომავალ წელს 50 მლნ ლარია გათვალისწინებული. მას მაღალი რანგის ოფიციალური პირების, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების უსაფრთხოების დაცვა ევალება.

Back to top button