skip to content
ახალი ამბები

პარლამენტში სამი მაჟორიტარის ვაკანტური ადგილის შევსება აპრილში იქნება შესაძლებელი

საქართველოს პარლამენტში არსებული სამი მაჟორიტარის ვაკანტური ადგილის შევსება აპრილში გახდება შესაძლებელი.

შუალედურ არჩევნებზე პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესაბამისი ცვლილებები მესამე და საბოლოო მოსმენით 21 დეკემბერს დაამტკიცა.

აქამდე შუალედური არჩევნების ჩატარება, რომელიც გამოკლებული მაჟორიტარი წევრის ადგილმონაცვლის არჩევას გულისხმობს, მხოლოდ ოქტომბრის თვეში იყო შესაძლებელი.

მიღებული ცვლილებებით, შუალედური არჩევნები შეიძლება გაიმართოს წელიწადში ორჯერ –  აპრილსა და ოქტომბერში. კერძოდ, თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე,  შუალედური არჩევნები გაიმართება იმავე წლის ოქტომბერში, წინააღმდეგ შემთხვევაში – უახლოეს აპრილში.

ამჟამად, პარლამენტში ვაკანტურია მაჟორიტარების ადგილები ნაძალადევის, სამტრედიის და ბაღდათის ერთმანდატებიანი ოლქებიდან, საიდანაც 1 ოქტომბერს არჩეულმა მაჟორიტარებმა აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლეს.

ამ ოლქებში არჩევნები აპრილში გაიმართება, რის შედეგადაც პარლამენტის სიითი შემადგენლობა, რაც ამჟამად 147-ს შეადგენს, 150-მდე შეივსება.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მომავალ საარჩევნო წელს ბიუჯეტიდან 47.5 მლნ ლარი აქვს გამოყოფილი.

This post is also available in: English Русский

Back to top button