skip to content
ახალი ამბები

შსს-მ გუნავას საქმეზე ხუთი პოლიციელი სამსახურიდან დაითხოვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 21 დეკემბერს განაცხადა, რომ სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის, თენგიზ გუნავას იარაღთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დაკავების ფაქტის შესწავლის შედეგად სამსახურიდან დაითხოვა ცენტრალური  კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 5 თანამშრომელი.

შსს თავის მოკლე განცხადებაში შესწავლილი საქმის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ ამავე საქმეზე გამოძიებას აწარმოებს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციაც და "დამატებითი ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის  ცნობილი გახდება გამოძიების დასრულების შემდეგ“.

თენგიზ გუნავა, რომელიც წინა მთავრობის მმართველობის დროს სამეგრელოს რეგიონის პოლიციის უფროსად მუშაობდა, ვიდრე გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი გახდებოდა, ნოემბრის შუა რიცხვებში  იარაღთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის დააკავეს. 10 000 ლარიანი გირაოს გადახდის შედეგად გათავისუფლების შემდეგ, გუნავამ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები გამოგონილი იყო, რადგან მას იარაღი და ნარკოტიკები ჩაუდეს. ამ საქმის გამოძიების თხოვნით მან პროკურატურას მიმართა.

გათავისუფლებიდან ორ კვირაში, გუნავა გაფლანგვის ცალკე საქმეზე დააკავეს და კვლავაც გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

This post is also available in: English Русский

Back to top button