skip to content
ახალი ამბები

აშშ–ის ელჩი ბოლოდროინდელ დაკავებებზე კომენტარს აკეთებს

აშშ–ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა 20 დეკემბერს, რომ საელჩო თვალყურს ადევნებს ყოფილი სახელმწიფო მოხელეების, მათ შორის ამჟამად ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავების ირგვლივ არსებულ სიტუაციას.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას“, – განუცხადა აშშ–ს ელჩმა ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც მას სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა ბოლოდრიუნდელ დაკავებებზე, მათ შორის ნიკას გვარამიას გუშინდელ დაკავებაზე.

„რა თქმა უნდა, როდესაც ტელეკომპანიის ხელმძღვანელს აპატიმრებენ, ისმის კითხვა ეხება, თუ არა საქმე პრესის თავისუფლებას – პრინციპი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს;  ამავე დროს მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს დაპატიმრება სულ სხვა საქმეს უკავშირდებოდა და კერძო სექტორში ფინანსურ გარიგებებს ეხება“, – განაცხადა აშშ–ის ელჩმა და დასძინა, რომ „ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების და კანონის უზენაესობის დაცვა“.

მთავარი პროკურატურის განცხადებით, „ელიტური კორუფციის საქმეზე“ მიმდინარე გამოძიებას, რომლის ფარგლებში ნიკა გვარამია იქნა დაკავებული, არაფერი აქვს საერთო ამ უკანასკნელის საქმიანობასთან  „რუსთავი 2“–ში.

მთავარი პროკურორის მოადგილემ დავით მჭედლიშვილმა განაცხადა 20 დეკემბერს, რომ გამოძიება 2012 წლის 8 ნოემბერს დაიწყო, ექვსი დღით ადრე, სანამ ნიკა გვარამია „რუსთავი 2“–ის გენერალურ დირექტორად დაინიშნებოდა.

ენერგეტიკის და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, ნიკა გვარამია, რომელიც 2009 წლის ბოლომდე მთავრობის წევრი იყო, ასევე ყოფილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კახა დამენია, რომელიც ამჟამად აუდიტორული კომპანია „გუტიძე, დამენია, ჩანტლაძე სოლუშენის“ დამფუძნებელია, ამავე კომპანიის კიდევ ერთი პარტნიორი ბელა გუტიძე, კომპანია „თელასი“ გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი და კიდევ ერთი პირი 19 დეკემბერს სავარაუდო კორუფციის ბრალდებით დააკავეს.

This post is also available in: English Русский

Back to top button