ახალი ამბები

სააკაშვილი: „ჩვენ დავაბრუნებთ ქვეყანას განვითარების, აღმშენებლობის და ხალხის საკეთილდღეო რელსებზე“

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 19 დეკემბერს, რომ საქართველოში არსებული სიტუაცია „დროებითია“ და ნაციონალური მოძრაობის მიზანია ქვეყანა ისევ განვითარების, აღმშენებლობის და ხალხის საკეთილდღეო კურსს დაუბრუნოს.

ქუთაისში საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან  საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართულ ოცნებას „შანსი არ ექნება“ არა მხოლოდ 2014 წლის ადგილობრივ, არამედ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ახალმა მთავრობამ უფრო მეტი შეცდომა დაუშვა ერთ თვეში, ვიდრე მან და მისმა ნაციონალურმა მოძრაობამ ცხრა წლის განმავლობაში. მანამდე იმავე დღეს სააკაშვილმა ქართულ ოცნებას „მნგრეველთა დიდი ბრიგადა“ უწოდა.

„ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, დროებითი მოვლენაა – ეს  ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიის მთავარ ნორმებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.    

„ბოლო 9 წლის განმავლობაში ჩვენ ავაშენეთ ქართული სახელმწიფოებრიობა, ცარიელ, დანგრეულ ადგილზე“, – განაგრძო მან, „ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები ჩვენი სახელმწიფოებრიობის ნაწილია. ინსტიტუტები, რომლებიც ეფუძნება კანონის უზენაესობას და არა ბრბოს თვითნებობასა და ბრბოს კარნახს. კანონის უზენაესობა არის ხალხის სამსახური, ერის სამსახური, ბრბო კი ემსახურება ცალკეული, დროებითი  თანამდებობის პირების ინტერესებს“.

როდესაც ის ამ შეხვედრაზე საუბრობდა, ათობით მომიტინგე ქუთაისის საკრებულოს წინ აქციას მართავდა და სააკაშვილის გადადგომას ითხოვდა. საკრებულოში გამოსვლის შემდეგ, სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის ახლომდებარე ოფისში გადაინაცვლა, სადაც თავისი პარტიის დეპუტატებს შეხვდა. იქაც მომიტინგეები იყვნენ შეკრებილი, რაც საბოლოო ჯამში ინციდენტით დასრულდა.

სააკაშვილმა უთხრა საკრებულოს წევრებს ნაციონალური მოძრაობიდან, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემაა საჭირო; მან განაცხადა, რომ არავინ უნდა შეეხოს ადგილობრივ საკრებულოებს და მათ 2014 წელს ვადის ამოწურვამდე უნდა იმუშავონ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მრავალი აქცია გაიმართა სხვადასხვა ქალაქში გამგებლების შეცვლის მოთხოვნით. ნაციონალურმა მოძრაობამ ქართული ოცნება დაადანაშაულა ადგილობრივ თვითმმართველობებზე ზეწოლაში.

„იმ ხალხმა, ვინც ჩქარობს, ძალიან კარგად იცის,  მეგობრებო, რომ 2014 წელს მათ შანსი არ ექნებათ, უფრო მეტსაც გეტყვით, მათ 2013 წლის ბოლომდეც არ აქვთ შანსი და ამიტომ არ მოსწონთ თუნდაც ის, რომ მე ჯერ  კიდევ პრეზიდენტი ვარ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„მე ბოლომდე ვიბრძოლებ თქვენთან ერთად იმისთვის, რომ საქართველომ განვითარება არ შეწყვიტოს“, – განაცხადა მან. 

„ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია. ჩვენი სტრატეგია ეფუძნება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებს, ქვეყნის დაბრუნებას განვითარების, აღმშენებლობის და ხალხის საკეთილდღეო რელსებზე და ეს ეფუძნება იმას, რომ ჩვენ მოვითხოვოთ, რომ ახალმა მთავრობამ შეასრულოს ის დაპირებები, რომელიც ხალხს მისცა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მოგვიანებით 19 დეკემბერს იგი აჭარასაც ესტუმრა, სადაც ქობულეთის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრებს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა და უთხრა მათ, რომ ქართული ოცნების მიერ ინსტიტუტებზე განხორციელებული შეტევების ერთადერთი მიზანია „საქართველოში შეიქმნას ქაოტური ვითარება“. 

მან ასევე განაცხადა, რომ „აჭარაში მოვლენები კარგად არ ვითარდება“ და აღნიშნა, რომ ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის ბიუჯეტი, რომელიც ადგილობრივმა საკანონმდებლო ორგანომ უნდა მიიღოს, სოციალურად დაუცველი ოჯახების მოთხოვნებს არ ითვალისწინებს. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საპარლამენტო არჩევნებთან ერთად გაიმართა და მასში კოალიცია ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა.

მანამდე 19 დეკემბერს სააკაშვილი თბილისში ჰოლანდიელი არქიტექტორების გამოფენას სტუმრობდა, სადაც მან განაცხადა, რომ საქართველოს ახალმა მთავრობამ  „სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გამოაცხადა ნგრევის მასშტაბური პროგრამის შესახებ“.       

იგი სავარაუდოდ პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გულისხმობდა, რომელმაც ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ ის ჰკითხავდა სპეციალისტებს და არქიტექტორებს, თუ რა შეიძლებოდა მოეხერხებინათ რიყეზე თითქმის დასრულებული მუსიკისა და დრამის თეატრისა და საგამოფენო დარბაზისთვის. ეს პროექტი თბილისის მერიის დაკვეთით ხორციელდებოდა. „თუ დასამთავრებელია, დავასრულებთ, თუ სიმახინჯეა და მოსაშერებელია, ჯობია ადრე მოაშორო“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„გუშინ საქართველოს მთავრობამ, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გამოაცხადა ნგრევის მასშტაბური პროგრამის შესახებ“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 19 დეკემბერს, „თანამედროვე ეპოქაში პოლიტიკური ნიშნით ნგრევის ერთადერთი მაგალითი ავღანეთში, თალიბების მიერ განხორციელდა. არ მგონია, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოს მთავრობამ თავი უნდა მოიჭრას მთელი მსოფლიოს წინაშე თალიბანიზაციით და ახალი, თანამედროვე შენობების ნგრევით“.

„ახლა  იმის გამო, რომ ჩვენ ვაშენებდით, ჩვენს ჯინზე დაანგრიო ყველაფერი, ვფიქრობ, ძალიან დიდი შეცდომა იქნებოდა. ამას ექნება გრძელვადიანი, კატასტროფული შედეგები საქართველოს ხალხისთვის. ჩვენმა ხალხმა მისცა ხმა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და არა ნგრევას“, – განაგრძო მან, „არჩევნების წინ მე ვამბობდი: „არის საფრთხე, მოვიდეს მგრეველთა დიდი ბრიგადა“ და ეს სასაცილოდ არ ყოფნიდა ბევრს. ამბობდნენ, რომ ვაზვიადებდი. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით,  ისინი ამ დაპირებას ნამდვილად ასრულებენ და, ყოველ შემთხვევაში, გვპირდებიან, რომ შეასრულებენ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button