skip to content
ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს ორი ახალი მოადგილის დანიშვნის შესახებ გააკეთა განცხადება. მისი ახალი მოადგილეები გახდნენ თამარ ქაროსანიძე და ზაზა ბროლაძე.

ქაროსანიძე კურირებას გაუწევს განათლების სფეროს და საკადრო პოლიტიკას, ხოლო ბროლაძე თავდაცვის სამინისტროს შესყიდვებს სფეროს გააკონტროლებს.

ბოლო პერიოდში ქაროსანიძე აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტში „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების“ პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე იყო.  ოთხწლიანი პროგრამა სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

მანამდე ის „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი იყო.

რაც შეეხება ზაზა ბროლაძეს, ბოლო პერიოდში იგი პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფში საჯარო სექტორის კონსალტინგის დირექტორი იყო.

2005–2006 წლებში იგი სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის თავმჯდომარე იყო.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ თამარ ქაროსანიძის დანიშვნა კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ხელმძღვანელობას სურს სამინისტრო უფრო გამჭირვალე და ანგარიშვალდებული გახდეს საზოგადოების წინაშე.

„ეს არის პირველი შემთხვევა ჩემთვის, როდესაც ვიწყებ მუშაობას საჯარო სამსახურში“, – განაცხადა ქაროსანიძემ. „ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ ვფიქრობ, რომ დღეს არის რეალურად შესაძლებლობა ამ სამინისტროში, რეალური სურვილი და ნება სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ ის გახდეს უფრო გამჭირვალე, გახდეს უფრო ღია, რაც აუცილებელია არა მარტო ამ სამინისტროს ეფექტიანი მუშაობისთვის, არამედ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის ამაღლებისთვის და ჩვენ ქვეყნის ნატოში ინტეგრაციისთვის“.

ალასანიამ ბროლაძეს საქართველოში „საფინანსო დაგეგმარების და გრძელვადიანი შესყიდვების პოლიტიკის განხორციელების ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი ექსპერტი“ უწოდა.  „შესყიდვების სისტემა არის ის სისტემა, რომელიც ყველაზე უფრო დიდ კითხვებს ბადებს საზოგადოებაში“, – განაცხადა ალასანიამ. „ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს სისტემა რაც შეიძლება სწრაფად გაიწმინდოს“.

„ეს არის უდიდესი გამოწვევა, რაც აქამდე მქონია ცხოვრებაში და ალბათ მომავალშიც მექნება, რომ ეს სისტემა გახდეს ტრანსპარენტული და გახდეს ყველა საქართველოს მოქალაქისთვის იმის გარანტია, რომ მისი გადახდილი გადასახადები სწორად და ეფექტურად ხმარდება ქართულ ჯარს“, – განაცხადა ბროლაძემ.

ამ ახალი დანიშვნის შედეგად თავდაცვის მინისტრს ხუთი მოადგილე ჰყავს; დანარჩენი სამი მოადგილეა: ლევან დოლიძე, რომელიც პირველი მოადგილეა; ალექსანდრე ბურჭულაძე და ირაკლი გეგეჭკორი.         

This post is also available in: English Русский

Back to top button