
შსს–ში ‘ყალბ პასპორტთან’ დაკავშირებით მერაბიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს
ყოფილი პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს 12 საათისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა დაკითხვაზე, სადაც იგი ყალბი პასპორტის საქმესთან დაკავშირებით ერთი კვირის მანძილზე უკვე მეორედ დაიბარეს.
ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ამჟამად ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი „ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის“ საქმეზე პირველად 1 დეკემბერს დაიკითხა. პირველი დაკითხვის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მართალია მერაბიშვილი დაკითხვაზე გამოცხადდა, მან „პრაქტიკულად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან“.
შსს–მ განაცხადა 6 დეკემბერს, რომ მათ მერაბიშვილის დაცვის წევრი დაკითხეს, რომელმაც განაცხადა თავის ჩვენებაში, რომ „2012 წლის 30 ნოემბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ივანე მერაბიშვილს გადასცა ორი პასპორტი“.
„თავისთავად ის ფაქტი, რომ გუშინწინ პარლამენტმა მიიღო სპეციალური დადგენილება და პოლიტმატიმრებად აღიარა ყველა რუსეთის სპეცსამსახურის აგენტი, ის ადამიანები და ტერორისტები, რომლებიც ძირს უთხრიდნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას და შესაბამისად აპირებენ მათ გათავისუფლებას. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ძალიან ლოგიკურია, ის ადამიანი, ვინც ებრძოდა ამ ადამიანებს და იცავდა ქართულ სახელმწიფოებრიობას, დადიოდეს დაკითხვაზე. დანარჩენს გამოსვლის შემდეგ მოგახსენებთ“, – განაცხადა მერაბიშვილმა დაკითხვამდე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 6 დეკემბერს, რომ საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოძიებამ კიდევ ერთი საეჭვო წარმომავლობის პასპორტი და პირადობის მოწმობა მოიპოვა, რომლებიც გაცემულია გოჩა წერეთლის სახელზე, თუმცა, მასში განთავსებულია შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ამჟამად ქ. თბილისის მერიის დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილისს გიორგი ლორთქიფანიძის ფოტოსურათი.
„გამოძიებამ მოწმის სახით დაკითხა გიორგი ლორთქიფანიძე, რომელმაც დაადასტურა, რომ დასახელებული პასპორტი და პირადობის მოწმობა, მართლაც იყო მის განკარგულებაში გარკვეული დროის განმავლობაში“, – განაცხადა შსს–მ.
This post is also available in: English Русский