![](https://civil.ge/wp-content/uploads/2025/01/default-pic-780x470.png)
ალასანიამ პრეზიდენტს გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსის კანდიდატურა წარუდგინა
პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გაერთიანებული შტაბის უფროსის პოსტზე პრეზიდენტ სააკაშვილს 4 დეკემბერს წარუდგინა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კანდიდატურა ირაკლი ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის კონსულტაციების შედეგად შეირჩა.
მიღწეულ შეთანხმებას თავდაცვის მინისტრმა მნიშვნელოვანი უწოდა, ვინაიდან უწყებაში რეფორმირების გეგმების განხორციელება სწრაფად დაიწყება.
მან ასევე განაცხადა, რომ პოლკოვნიკ ძნელაძეს მისცა პირველი მითითება, რომ “სასწრაფოდ დაიწყოს ნატოს კომიტეტის ვიზიტის მომზადება საქართველოში, რომელიც გადადებული იყო რაღაც პერიოდით“.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლკოვნიკი ძნელაძე, რომელსაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს, ბოლოს საქართველოს თავდაცვის ატაშე იყო უკრაინაში, მანამდე კი სხვადასხვა პერიოდში ის მსახურობდა J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტსა და სახმელეთო ჯარების სარდლობაში.
გაერთიანებული შტაბის მეთაურის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილ უფროსს გიორგი კალანდაძეს სისხლის სამართლის საქმეზე მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების გამო სასამართლომ თანამდებობრივი უფლებამოსილება დაახლოებით ერთი თვის წინ შეუჩერა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)