ახალი ამბები

ლაშა ნაცვლიშვილი მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე გახდა

საქართველოს მთავარი პროკურორის პირველ მოადგილედ ლაშა ნაცვლიშვილი დაინიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტიდან გადაინაცვლა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს მის ადგილს შსს-ში, სადაც მან ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ თითქმის ერთი თვის განმავლობაში იმუშავა. 

ლაშა ნაცვლიშვილმა 27 ნოემბერს განაცხადა, რომ მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის მოადგილის რანგში  მისი საკურატორო სფერო იქნება პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებების, ასევე  შსს-ის უსაფრთხოების ბლოკის დეპარტამენტებში, თავდაცვის სამინისტროში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა, სასჯელაღსრულების სამინისტროში მიმდინარე გამოძიებების საპროცესო ზედამხედველობა; ასევე მთავარი პროკურატურის საერთაშორისო და ანტიკორუფციული დეპარტამენტების კურირება.

მთავარი პროკურორის ახალ მოადგილეს სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 90–იან წლებში ნაცვლიშვილი პროკურატურაში, ასევე ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მუშაობდა, ვიდრე 2001–2003  წლებში უშიშროების მინისტრის მოადგილე გახდებოდა. შემდეგ მან პოლიტიკაში გადაინაცვლა გახდა რა 2004–2008 წლების მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ლაგოდეხის მაჟორიტარული ოლქიდან. ამავე პერიოდში ის რესპუბლიკურ პარტიაში გაწევრიანდა, თუმცა 2010 წელს დატოვა პარტიის რიგები. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ლაშა ნაცვლიშვილმა დეპუტატის მანდატი ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს პარტიული კვოტით მიიღო. თუმცა მას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა მას შემდეგ, რაც 30 ოქტომბერს შს მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button