ახალი ამბები

ეშტონი თბილისში სააკაშვილს და ივანიშვილს შეხვდა

თბილისში 26 ნოემბერს თავისი ხანმოკლე ვიზიტის დროს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა მოუწოდა პრეზიდენტ სააკაშვილს და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს „გააგრძელონ საკუთარი თანამდებობებისა და ინსტიტუტების გამოყენება საქართველოს კარგი მმართველობის კონსტრუქციული ხელშეწყობის მიზნით“.

მან ასევე მოუწოდა ყველა მხარეს ქართულ პოლიტიკაში „დაიცვან დემოკრატიის, თავისუფლების და კანონის უზენაესობის ევროპული ფასეულობები“.

„არ უნდა არსებობდეს შერჩევითი სამართალი, არ უნდა იყოს ანგარიშსწორება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. წარსული დარღვევების გამოძიება უნდა იყოს და უნდა აღიქმებოდეს როგორც მიუკერძოებელი, გამჭირვალე და სათანადო წესების შესაბამისი“, – განაცხადა ეშტონმა გამგზავრებამდე პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში.

ეშტონი, რომელიც შუა აზიაში გამგზავრებამდე თბილისში რამდენიმე საათით იმყოფებოდა, პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა.

პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა, რომლის ეშტონთან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეც ესწრებოდა, განაცხადა, რომ მისი მთავრობა საქართველოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის ერთგული რჩება.  

„ხაზი გავუსვი იმას, რომ რაც შეიძლება ფართო სავაჭრო ურთიერთობები [გვჭირდება], თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირთან, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, ის, რომ ვილნიუსის სამიტამდე ჩვენ მოვახერხოთ და მივიღოთ პარაფირება მაინც ასოცირების შესახებ [ხელშეკრულების], თუ არა ხელმოწერა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ  ქართველი ხალხის „ისტორიული ოცნება“  იქონიოს ევროპის ქვეყნებთან "ღირსეული თანადგომა და თანასწორუფლებიანი ურთიერთობა, ეს რეალისტურია და ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს პროცესები რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს".

პრეზიდენტი სააკაშვილი კეტრინ ეშტონს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის თანდასწრებით შეხვდა; შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და პრეზიდენტის მრჩეველი რაფაელ გლუკსმანი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შემდეგ სააკაშვილმა პირისპირ განაგრძო შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან.

ეშტონმა განაცხადა, რომ იგი მიესალმება იმას, რომ „საქართველო უწყვეტად ერთგულია ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის მოლაპარაკებებისა“.

„ჩვენ ვაგრძელებთ სწრაფ წინსვლას ამ მოლაპარაკების მიმართულებით და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ მოლაპარაკებებს შედარებით მცირე დროში დავასრულებთ“, – განაცხადა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ მიიწვია თბილისი ევროკავშირთან მოლაპარაკებების დასაწყებად ჩარჩო ხელშეკრულებაზე, რომელიც ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობას უკავშირდება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button