skip to content
ახალი ამბები

საშემოსავლო გადასახადის ახალი სისტემის შემოღება იგეგმება

საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით საშემოსავლო გადასახადის ახალი სისტემის შემოღება იგეგმება, რომლის მიხედვითაც, დაბალშემოსავლიანი ფიზიკური პირებისთვის დაუბეგრავი მინიმუმის საშეღავათო სისტემა ამოქმედდება ისე, რომ მომავალი წლიდან ყველა დაქირავებული ხელფასიდან კვლავ 20%–იან საშემოსავლო გადასახადს გადაიხდის.

აღნიშნული ინიციატივა, პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, 2013 წლიდან ამოქმედდება, ნათქვამია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში.

დაუბეგრავი მინიმუმის შეღავათით, წინასწარი გათვლებით, ისარგებლებენ ის პირები, რომელთა მიერ წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალიც არ აღემატება 6000 ლარს.

პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის განმარტებით, პირები, რომელთა ყოველთვიური ხელფასიც, მაგალითად, 500 ლარს შეადგენს, ფისკალური წლის დასრულების შემდეგ დეკლარირებას მოახდენენ საგადასახადო ორგანოებში და 20%–იანი საშემოსავლო გადასახადის სახით ყოველთვიურად დაქვითული 100 ლარი, რაც წლიურად 1 200 ლარს შეადგენს, უკან დაუბრუნდებათ.

აღნიშნული ცვლილება 2013 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს, ვინაიდან მომავალ წელს ყველა დაქირავებულის 20%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მოხდება და დაუბეგრავი მინიმუმით პოტენციურად მოსარგებლე ფიზიკურ პირებს დაქვითული თანხები უკან 2014 წელს დაუბრუნდებათ.

2013 წლის ბიუჯეტის პროექტში საშემოსავლო გადასახადის სახით 1.805 მლრდ ლარის მობილიზებაა დაგეგმილი. ახალი სისტემის შემოღება საგადასახადო შემოსავლების შემცირებას 2014 წლიდან, წინასწარი გათვლებით, დაახლოებით 200 მლნ ლარით გამოიწვევს.

დღევანდელი მდგომარეობით, საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს 2013 წლიდან 20%–იანი საშემოსავლო გადასახადის 18%–მდე შემცირებას, ხოლო 2014 წლიდან მის 15%–მდე დაყვანას.

ჯერ–ჯერობით არ არის გადაწყვეტილი აღნიშნული გრაფიკი, რომლის გადავადებაც ერთხელ უკვე მოხდა წინა მთავრობის დროს, კვლავაც გადავადდება თუ სრულად გაუქმდება ახალი სისტემის ამოქმედებასთან ერთად, განუცხადა Civil.ge-ს დავით ონოფრიშვილმა, დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“.

მან ახალი დაგეგმილი სისტემის სოციალური სამართლიანობის ფაქტორს გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ამ სისტემის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ნაცვლად იმისა, რომ ყველა დაქირავებულმა თანაბრად იხადოს 18%–იანი საშემოსავლო, დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს ამ გადასახადის სახით საბოლოო ჯამში 0%–ის გადახდა მოუწევთ, ხოლო „მაღალი ხელფასის მქონეთ 20%–ის გადახდა ისედაც არ უნდა გაუჭირდეთ“.

მაისში წინა მთავრობის მიერ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით ინიცირებული იქნა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, მომავალი წლიდან საშემოსავლო გადასახადი კვლავაც 20%–იან ნიშნულზე უნდა შენარჩუნებულიყო, თუმცა გადამხდელს მიეცემოდა არჩევანი, რომ 18% გადაეხადა ბიუჯეტში, ხოლო დარჩენილი 2% ნებაყოფლობით მიემართა ინდივიდუალური დაგროვებით ანგარიშზე.

აღნიშნული ინიციატივა, რომელიც საშემოსავლო გადასახადის 15%–მდე შემცირებას დღის წესრიგიდან ხსნიდა, წინა მოწვევის პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო და მესამე მოსმენით განიხილა, თუმცა მესამე და საბოლოო მოსმენით მისთვის კენჭი აღარ უყრია.

ამ ინიციატივას, დავით ონოფრიშვილის თქმით, ახალი პარლამენტი არ მიიღებს.

რაც შეეხება ახალ სისტემას, კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, პარლამენტის მიერ მისი მიღება წლის ბოლომდე ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებასთან ერთად იგეგმება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button