ახალი ამბები

კარასინი: „ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ აბაშიძეს“

მოსკოვის პირველი რეაქცია საქართველოს მიერ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნასთან დაკავშირებით ის იყო, რომ მათი თქმით, ზურაბ აბაშიძეს საკმაოდ კარგად იცნობენ რუსეთში.

„შემიძლია მხოლოდ ერთი რამ ვთქვა: ჩვენ ზურაბ აბაშიძეს კარგად ვიცნობთ, როგორც საქართველოს ყოფილ ელჩს რუსეთში და როგორც გამოცდილ ადამიანს და დიპლომატს; ბოლო წლებშიც მას არაერთხელ შევხვედრივართ“, – იტყობინება „რია ნოვოსტი“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის სიტყვებზე დაყრდნობით.

ზურაბ აბაშიძე საქართველოს ელჩი იყო რუსეთში 2000–2004 წლებში; 90–იან წლებში აბაშიძე ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლად მუშაობდა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ზურაბ აბაშიძე სულ ცოტა ოთხჯერ იყო ჩართული არაფორმალურ დიპლომატიაში რუსეთთან, როდესაც ის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაციის შემადგენლობაში 2008 წლის ნოემბერში და დეკემბერში და ასევე 2009 წლის თებერვალსა და ივნისში სტუმრობდა რუსეთს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button