skip to content
ახალი ამბები

აჭარის მთავრობას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

არჩილ ხაბაძე, რომელიც ბოლო დრომდე „ქართუ ბანკის“ ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი იყო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გახდა.

ავტონომიური რესპუბლიკის საკანონდებლო ორგანომ, უმაღლესმა საბჭომ 30 ოქტომბერს ხაბაძე 13 ხმით აირჩია.

პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის კოალიციას „ქართული ოცნება“ 21–წევრიან უმაღლეს საბჭოში 13 ადგილი აქვს, ხოლო დანარჩენი 8 ადგილი პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობისაა.
 
არჩილ ხაბაძემ ამ პოსტზე პრეზიდენტ სააკაშვილის მოკავშირე, ლევან ვარშალომიძე შეცვალა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი 2004 წლის ივლისიდან ეკავა.

„ლევან ვარშალომიძის ხელმძღვანელობით აჭარა გადაიქცა ამ რვა წელიწადში პროვინციული დიქტატურიდან ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდ რეგიონად. ჩვენ მართლაც წარმოუდგენელ პროგრესს მივაღწიეთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 29 ოქტომბერს ბათუმში, „მე მინდა ლევან ვარშალომიძეს გადავუხადო მადლობა იმ სასწაულისთვის, რომელიც მან და მისმა გუნდმა აქ მოახდინა… ჩვენ გადავედით ოპოზიციაში და ის [ვარშალომიძე] იქნება ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერი“.

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 32 წლის არჩილ ხაბაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად 28 ოქტომბერს წარადგინა. უმაღლესმა საბჭომ  ხაბაძე ამ პოსტზე მას შემდეგ დაამტკიცა, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოფიციალურად წარადგინა ის კანდიდატად.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბანკო–საფინანსო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ხაბაძემ იგივე სფერო საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში შეისწავლა. 2006 წლიდან იგი „ქართუ ბანკის“ ბათუმის ფილიალის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი იყო, სანამ 2008 წელს ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელად დაინიშნებოდა.

ივანიშვილმა, რომელიც 28 ოქტომბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს გახსნით სხდომას დაესწრო, განაცხადა, რომ ხაბაძე „ძალიან კარგი მენეჯერია“ და მისი ერთადერთი ნაკლი მხოლოდ მისი ასაკია; თუმცა მან იქვე დასძინა, რომ ეს ნაკლი მას უპირატესობაში შეიძლება ჩაეთვალოს, რადგანაც „მეტი ენერგია ექნება“ გამოწვევებთან გასამკლავებლად. 

აჭარის მთავრობა შედგება მისი თავმჯდომარისა და ოთხი მინისტრისგან.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გიორგი თავართქილაძე უხელმძღვანელებს, რომელიც ამჟამად VTB ბანკის ბათუმის ფილიალის დირექტორია.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნუგზარ სურმანიძე ჩაუდგება სათავეში, რომელიც ამავე სამინისტროში მუშაობს.

აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი გია თამამაიშვილი იქნება, რომელიც აჭარაში ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრს ხელმძღვანელობდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზაურ ფუტკარაძე უხელმძღვანელებს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ფირმის "ფერმერთა სახლის" თანამფლობელია.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button