ახალი ამბები

ივანიშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა წარადგინა

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 32 წლის არჩილ ხაბაძე, რომელიც „ქართუ ბანკის“ ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ წარადგინა.

ოფიციალურად, კანდიდატს პრეზიდენტი ირჩევს ახლადარჩეულ აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების გზით.

წარდგენილ კანდიდატს 21–წევრიანი უმაღლესი საბჭოს ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდება პოსტზე დასამტკიცებლად.

აჭარის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პარალელურად გაიმართა.

პირველივე სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ავთანდილ ბერიძე იქნა არჩეული. ახალი თავმჯდომარე, რომელიც აჭარის საკანონმდებლო ორგანოს 4 წლით უხელმძღვანელებს, "ქართული ოცნების" ბლოკის სიით გასული დეპუტატია.

ივანიშვილის კოალიციამ „ქართული ოცნება“ უმაღლეს საბჭოში 13 ადგილი მოიპოვა, ხოლო დანარჩენი 8 ადგილი პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობას ერგო.

დამტკიცების შემთხვევაში არჩილ ხაბაძე ამ პოსტზე პრეზიდენტ სააკაშვილის მოკავშირეს, ლევან ვარშალომიძეს შეცვლის, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი 2004 წლის ივლისიდან ეკავა.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბანკო–საფინანსო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ხაბაძემ იგივე სფერო საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში შეისწავლა. 2006 წლიდან იგი „ქართუ ბანკის“ ბათუმის ფილიალის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი იყო, სანამ 2008 წელს ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელად დაინიშნებოდა.

ივანიშვილმა, რომელიც 28 ოქტომბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს გახსნით სხდომას დაესწრო, განაცხადა, რომ ხაბაძე „ძალიან კარგი მენეჯერია“ და მისი ერთადერთი ნაკლი მხოლოდ მისი ასაკია; თუმცა მან იქვე დასძინა, რომ ეს ნაკლი მას უპირატესობაში შეიძლება ჩაეთვალოს, რადგანაც „მეტი ენერგია ექნება“ გამოწვევებთან გასამკლავებლად.  

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი მთავრობის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების გაზრდა იქნება.

მან განაცხადა, რომ რეგიონებმა თავად უნდა მართონ საკუთარი თავი და დასძინა, რომ აჭარას, როგორც ავტონომიურ რესპუბლიკას, მეტი უფლებები უნდა ჰქონდეს ადგილობრივი საკითხების მოსაგვარებლად, ვიდრე სხვა რეგიონებს.

მისი თქმით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს დეცენტრალიზაცია, თუმცა ეს ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს, რათა რამე არ გაფუჭდეს.    

აჭარის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 57.55% მიიღო პროპორციული წესით, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ – 36.94%.

დანარჩენმა ხუთმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა აჭარის არჩევნებში 5%–იანი ბარიერი ვერ გადალახა. ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ ხმების 2.82% მიიღო; ლეიბორისტულმა პარტიამ – 1.28%; ახალმა მემარჯვენეებმა – 0.55%.

აჭარის ექვსი ერთმანდატიანი ოლქიდან „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა კანდიდატებმა სამ ოლქში გაიმარჯვეს (ბათუმი, ქობულეთი და ხელვაჩაური); დანარჩენი სამი ოლქი კი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებმა მოიგეს (ქედა, ხულო და შუახევი).     

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button