ახალი ამბები

თბილისში დასუფთავების გადასახადი დროებით განახევრდა, თუმცა გადახდის წესი შენარჩუნდა

ნოემბრიდან მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში თბილისელები ელექტროენერგიის ყოველ დახარჯულ 1 კილოვატ საათზე 5 თეთრის ნაცვლად, 2.5 თეთრს გადაიხდიან.

დედაქალაქში დასუფთავების გადასახადის დროებით განახევრებაზე გადაწყვეტილება დღეს თბილისის საკრებულომ მიიღო, თუმცა ძალაში დატოვა ამ გადასახადის გადახდის წესი.

ეს წესი, რომლითაც დასუფთავების გადასახადი ელექტროენერგიას მიება, საკრებულოს გადაწყვეტილებით 2011 წლის 1 ივლისიდან მოქმედებს, რომელმაც ჩაანაცვლა მანამდე არსებული ფიქსირებული მოსაკრებელი ერთ სულ მოსახლეზე  2.5 ლარის ოდენობით.

საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, ტარიფის დროებით განახევრების პირობებშიც შენარჩუნდება სოციალურად დაუცველი პირებისთვის მოქმედი შეღავათები.

დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატები, რომელთა უმრავლესობაც ნაციონალური მოძრაობის წევრია, აცხადებენ, რომ უნდა გაგრძელდეს ტარიფის უფრო სრულყოფილი ვარიანტის შემოღებაზე მუშაობა. 

ელექტროენერგიის მოხმარებაზე დასუფთავების გადასახადის მიბმა ბოლო პერიოდში ჩატარებულ კვლევებში ყველაზე უფრო ნეგატიურ გადაწყვეტილებად სახელდებოდა.

This post is also available in: English Русский

Back to top button