ახალი ამბები

თურქეთის პრემიერ–მინისტრმა სააკაშვილთან და ივანიშვილთან სატელეფონო საუბრები გამართა

თურქეთის პრემიერ–მინისტრმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა პრეზიდენტ სააკაშვილს საქართველოში „დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნებისთვის მადლობა გადაუხადა“, ხოლო კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს და მის მომავალ კოლეგას ბიძინა ივანიშვილს „არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა“, იტყობინებიან სააკაშვილის და ივანიშვილის პრესსამსახურები.

თურქეთის პრემიერ–მინისტრი ორივე ლიდერს ტელეფონით ესაუბრა. 

„მხარეებმა საქართველოში შემდგარი საპარლამენტო არჩევნები განიხილეს“, – იტყობინება პრეზიდენტის პრესსამსახური 11 ოქტომბერს, „თავის მხრივ, ერდოღანმა  პრეზიდენტს დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნებისთვის მადლობა გადაუხადა.  მანვე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტს სრული მხარდაჭერა აღუთქვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში“.

ამავე ცნობით, ერდოღანმა მიხეილ სააკაშვილთან უახლოეს მომავალში შეხვედრის სურვილი გამოთქვა. 

10 ოქტომბერს გამართულ სატელეფონო საუბარში ერდოღანმა და ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები განიხილეს.

„რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა. საუბარი წარიმართა საქართველო-თურქეთს შორის მეგობრული, კეთილმეზობლური პოლიტიკის ირგვლივ. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-კულტურული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, – ნათქვამია ივანიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button