ახალი ამბები

ევროკავშირის ხუთი საგარეო საქმეთა მინისტრი სააკაშვილს და ივანიშვილს ხელისუფლების უმტკივნეულო გადაცემისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის ხუთი წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან მოუწოდეს „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს და პრეზიდენტ სააკაშვილს ისევე დაასრულონ საარჩევნო პროცესი „როგორც ის დაიწყეს – გამჭირვალე დემოკრატიული პროცესების უზრუნელყოფით და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით“.

ბულგარეთის, ჩეხეთის, ლატვიის, ლიტვის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებიც არჩევნებამდე, სექტემბრის შუა რიცხვებში საქართველოს სტუმრობდნენ, სააკაშვილს და ივანიშვილს ერთნაირი შინაარსის წერილები გაუგზავნეს, სადაც ნათქვამია, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები „მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციის საქმეში“.

„არჩევნების შედეგები დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს „ქართული ოცნების“ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, რათა უზრუნველყონ, რომ ახალარჩეულმა პარლამენტმა თავისი ფუნქციები ორგანიზებულად და კონსტრუქციულად შეასრულოს, დემოკრატიული და კონსტიტუციური ნორმების შესაბამისად. ღრმად გვჯერა, რომ დღეს ერთად მუშაობის დროა ეროვნული ერთობის და საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ“, – აცხადებს ხუთი საგარეო საქმეთა მინისტრი.

„გვჯერა, რომ თქვენი ქვეყანა კვლავაც უერთგულებს თავის მყარ გადაწყვეტილებას, დარჩეს ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობა ენერგიას და ენთუზიაზმს არ იშურებს ამ მიზნების განხორციელებისთვის საჭირო რეფორმების გასატარებლად. გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ქვეყნები კვლავაც მზად არიან მხარი დაუჭირონ და დაეხმარონ საქართველოს თავისი ლეგიტიმური ევროპული და ევრო–ატლანტიკური მისწრაფებების მიღწევის საქმეში", – ნათქვამია წერილებში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button