ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სააკაშვილმა და კლინტონმა პოსტსაარჩევნო პერიოდი განიხილეს

პრეზიდენტ სააკაშვილსა და აშშ–ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის მთავარი თემაც პოსტსაარჩევნო პერიოდს შეეხებოდა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

„კერძოდ კი [საუბარი შეეხო] იმ ზეწოლას, რომელიც დღესდღეობით საუბნო კომისიებსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიაზე ხორციელდება“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 4 ოქტომბერს გამოქვეყნებულ პრეს–რელიზში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სატელეფონო საუბარი აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ინიციატივით გაიმართა.

მიუხედავად „ქართული ოცნების“ ლიდერების მოწოდების აქციების შეწყვეტის თაობაზე, კოალიციის აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა 4 ოქტომბერს ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებში მაინც განაგრძეს შეკრება საოლქო საარჩევნო კომისიების წინ; აქციები იმ ერთმანდატიან ოლქებში გაიმართა, სადაც ოფიციალური შედეგებით ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები ლიდერობენ. ამ შედეგებს „ქართული ოცნება“ აპროტესტებს. აქციები საოლქო კომისიების მიერ საჩივრების განხილვის პარალელურად გაიმართა.

სამმა ქართულმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ მოუწოდა საარჩევნო ადმინისტრაციებს ხმები კანონის თანახმად დათვალონ და ასევე მოუწოდა პოლიტიკურ აქტივისტებს თავი შეიკავონ საარჩევნო ადმინისტრაციების წინ აქციების გამართვისგან.

„მიგვაჩნია, რომ ერთის მხრივ საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არჩევნების შედეგების დათვლა და კანონდარღვევებზე ადეკვატური რეაგირება, ხოლო მეორეს მხრივ პოლიტიკურმა პარტიებმა მოუწოდონ საკუთარ აქტივისტებს თავი შეიკავონ საარჩევნო ადმინისტრაციის შენობებთან შეკრებებისგან, რადგანაც არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით დავები მხოლოდ სამართლებრივი გზით უნდა წარიმართოს“, – ნათქვამია სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს ერთობლივ განცხადებაში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button