skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილი აცხადებს, რომ პირველი ვიზიტით აშშ–ს ეწვევა

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა 3 ოქტომბერს, რომ პრემიერ–მინისტრის პოსტის დაკავების შემდეგ მისი პირველი უცხოური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში შედგება იქ დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

„პირველი ვიზიტი მექნება ვაშინგტონში“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ „უკეთესი და უფრო ეფექტური“ იქნება, თუ ეს ვიზიტი აშშ–ში ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედგება.

მან ასევე განაცხადა, რომ „ევროპიდანაც მოპატიჟებები გვაქვს“, თუმცა აღნიშნა, რომ „ვაშინგტონამდე არსად წასვლას არ ვაპირებ“. 

ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას ჯერ–ჯერობით არანაირი კონტაქტები არ ჰქონია რუსეთის ხელმძღვანელობასთან და მოსკოვიდან მისი კოალიციის არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით რაიმე მილოცვები არ მიუღია.

ივანიშვილი აცხადებს, რომ ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაცია მისი მთავრობის პრიორიტეტები იქნება; ამის პარალელურად. მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობების დალაგებასაც შეეცდება და ასევე შეეცდება დაარწმუნოს მოსკოვი, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება რუსეთს არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button