ახალი ამბები

ივანიშვილი სააკაშვილის გადადგომას ელის



ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" სათაო ოფისში პრესკონფერენციას მართავს 2 ოქტომბერს. ივანიშვილის პრესსამსახურის ფოტო. 

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიესალმა რა პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას არჩევნებში მისი პარტიის დამარცხების აღიარებაზე, განაცხადა, რომ  მას აქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტის შემდეგი „ლოგიკური და სწორი“ სვლა იქნება გადადგომა და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა.

„ყველაზე იოლი ჩვენთვისაც იქნება, რომ მან დაწეროს განცხადება გადადგეს და დანიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები და ყველაფერს ამით ბოლო დაესმევა“, – განაცხადა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

„როგორც კი გადადგება და ახალი პრემიერ–მინისტრი ახალი კონსტიტუციით აირჩევა, ყველაფერი ჩადგება ნორმაში“, – განაცხადა მან.

„მე მგონი, რომ ის შეძლებს ამასაც, რომ ასეთი განცხადება დაწეროს“, – დასძინა კოალიციის ლიდერმა.

„ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, რომ თვითონ გაეკეთებინა ეს ნაბიჯი. ეს კიდევ ერთხელ მას სახეს შეუნარჩუნებდა და კარგი იქნებოდა მისი მომავლისთვის“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტმა კითხა თუ როგორ ხედავს ის მომდევნო ერთ წელიწადს, ვიდრე სააკაშვილს მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადა ამოწურება, მასთან ურთიერთობებს.

მისი თქმით, სააკაშვილის პრეზიდენტად დარჩენის შემთხვევაში „იქნება ბევრი პრობლემა“, რადგან „ჩვენ უნდა ვმართოთ სიტუაცია, ის ვეღარ მართავს სიტუაციას“ და „შეიძლება კრიზისიც კი შეიქმნას რაღაც ეტაპზე“.

თუ სააკაშვილი არ გადადგება, „რა თქმა უნდა, რაღაც სვლები გვექნება“, მათ შორის შესაძლებელია იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაც.

„ის ვეღარ გააგრძელებს ძალაუფლებას“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მან ასევე მიმართა და თხოვა ხელისუფლებას, რომ დაუბრუნონ ერთი წლის წინ ჩამორთმეული საქართველოს მოქალაქეობა და გაათავისუფლონ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაკავებული კოალიციის აქტივისტები, მათ შორის თამაზ თამაზაშვილი – ადამიანი, რომელიც თითქმის ერთი წელია დააპატიმრეს და რომელიც ივანიშვილის კოალიციის წინააღმდეგ ნაციონალური მოძრაობის კამპანიაში ერთ–ერთი ცენტრალური ფიგურა იყო.  

ივანიშვილის პრესკონფერენციის პარალელურად, გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის ოფისში თანაგუნდელებს ხვდებოდა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებიდან.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button