skip to content
ახალი ამბები

ეგზით პოლების შედეგებით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს პროპორციულ არჩევნებში

ეგზით პოლების პირველადი შედეგებით პროპორციულ არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნება“ ლიდერობს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ზე გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ 51% მიიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ კი – 41%; ხოლო ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ 4%. ეს არის 16 საათის მონაცემები, რომლის ფარგლებშიც გამოკითხულ ამომრჩეველთა 35%–მა არ გაამჟღავნა, თუ რომელ პარტიას მისცა ხმა. ეგზით პოლები "რუსთავი 2"–ის დაკვეთით Edison Research-მა ჩაატარა. 

საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამოქვეყნებული ეგზით პოლების შედეგების თანახმად, რაც 17:30 საათის მონაცემებს ეყრდნობა, „ქართული ოცნება“ პროპორციულ არჩევნებში 35%–ით ლიდერობს, მას მოსდევს 30%–ით ნაციონალური მოძრაობა; და 2.1%–ით ქდმ. ამ მონაცემებით 32%–მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე,
კომპანია GfK–ის თანახმად, რომელსაც ეგზით პოლების ჩატარება პირველმა არხმა დაუკვეთა. 

ტელეკომპანია "მაესტროს" ცნობით, რომლისთვისაც ეგზით პოლები Penn Schoen Berland-მა განახორციელა, კომპანიამ, რომელიც ივანიშვილისთვის ატარებს კვლევებს და მას კონსულტაციებს უწევს, ქართულმა ოცნებამ – 63%; ნაციონალურმა მოძრაობამ – 27%, ხოლო ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ – 1% მიიღო. 6%–მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე, თუ რომელ პარტიას დაუჭირა მხარი პროპორციულ არჩევნებში.  

ტელეკომპანიებმა ეგზით პოლების პირველადი შედეგები მას შემდეგ გამოაქვეყნეს, რაც 20 საათზე კენჭისყრის პროცედურა შეწყდა.

This post is also available in: English Русский

Back to top button