ახალი ამბები

სააკაშვილის თქმით, ‘შემდგომ წლებში დიდი სტრატეგიული გეგმების განხორციელება’ გაგრძელდება

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 18 სექტემბერს, რომ ის და მისი გუნდი აპირებენ „ინტენსიური მუშაობა“ განაგრძონ „შემდგომ წლებში დიდი სტრატეგიული“ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.

ფოთის ინდუსტრიულ ზონაში, დაბა ყულევში კარბამიდის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე, რომელსაც აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR–ი აშენებს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ სხვა დაგეგმილ ქარხნებთან ერთად ფოთი ინდუსტრიული ცენტრი გახდება. მან ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში ასევე ჩაეყრება საფუძველი ქალაქ ლაზიკას მშენებლობას შავის ზღვის სანაპიროზე; მისი თქმით, დაგეგმილი ახალი ქალაქი ახირება არ არის და ამ პროექტისთვის საჭირო ინვესტიციები სამ–ოთხჯერ მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყანას. გარდა ეკონომიკურისა, მას ასევე „აქვს გადამწყვეტი სტრატეგიული, პოლიტიკური მნიშვნელობა საქართველოს ტერიტორიების რეინტეგრაციისთვის, საქართველოს დეოკუპაციისთვის“, – განაცხადა მან.

„ეს [პროექტები] არ ეკუთვნის არც ერთ პარტიას, არც ერთ მთავრობას ცალკე აღებულს; ეს არის მრავალწლიანი გეგმები. და რა თქმა უნდა, მუდმივი ამ ქვეყანაზე არავინ არ არის და რა თქმა უნდა, ეს პროცესი მუდმივად უნდა გაგრძელდეს მიუხედავად იმისა, კონკრეტულ ეტაპზე გადაწყვეტილებას ვინ მიიღებს ამ კონკრეტულ საკითხებში – თუმცა ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენმა გუნდმა, მათ შორის მეც, გავაგრძელოთ შემდგომი წლების განმავლობაში ინტენსიური მუშაობა ამ დიდი სტრატეგიული გეგმების განხორციელებაზე“, – განაცხადა მან.

„მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ ეკუთვნის არც ერთ პარტიას, არც ერთ მთავრობას ცალკე აღებულს; ეს კეთდება სრულიად საქართველოსთვის… ეს უნდა იყოს ნაციონალური იდეა, რომ ეს ნაწილი ჩვენი სანაპიროს განვითარდეს… ამ თემებზე უნდა შევთანხმდეთ ყველა ერთად, როგორი პოლიტიკური ბრძოლებიც არ უნდა იყოს და როგორი საარჩევნო კამპანიებიც არ უნდა იყოს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მალე ჩაივლის და აღმშენებლობა გაგრძელდება ზუსტად ისე, როგორც მანამდე ხდებოდა“, – დასძინა მან.

14 სექტემბერს წყალტუბოში კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას ეჩქარება დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რადგანაც უნდა, რომ დაწყებული სარეაბილიტაციო პროექტები მოესწროს იმ დროში, „სანამ პოლიტიკაში ვარ ამა თუ იმ ფორმით“.

 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button