ახალი ამბები

საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი, საგარეო საქმეთა ოთხი მინისტრი და ამერიკელი სენატორები ეწვევიან

თბილისში მიმდინარე კვირაში ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ორი ამერიკელი სენატორის და ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის მაღალი რანგის ვიზიტები იგეგმება.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, რასმუსენი საქართველოს 6 სექტემბერს ეწვევა, რაც მისი მესამე სტუმრობა იქნება ნატოს გენერალური მდივნის რანგში. რასმუსენი მიმდინარე კვირაში ასევე გეგმავს ვიზიტებს ერევანსა და ბაქოში.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი თბილისს მის პოლონელ კოლეგასთან რადოსლავ სიკორსკისთან ერთად 4–6 სექტემბერს ეწვევა და შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ სააკაშვილთან და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, იტყობინება შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 3 სექტემბერს.

ამავე ცნობით საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში შექმნილი სიტუაცია, რეგიონალური საკითხები და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები მოლაპარაკებები მთავარი თემები იქნება.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, პოლონელი და შვედი მინისტრები მონაწილეობას მიიღებენ ასევე ყოველწლიურ ამბასადორიალში, რომელიც 5–7 სექტემბერს ქართველი დიპლომატების მონაწილეობით ჩატარდება. ამავე ცნობით, ამბასადორიალზე დაგეგმილია ასევე ნატოს გენერალური მდივნის სიტყვით გამოსვლა.

არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰექტორ ტიმერმანი, რომელიც 4 სექტემბერს სომხეთს სტუმრობს,  5–8 სექტემბერს საქართველოს ეწვევა.

ეს არა მხოლოდ არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი იქნება საქართველოში, არამედ ტიმერმანი ლათინური ამერიკის რეგიონიდან პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება, რომელიც საქართველოში ვიზიტს განახორციელებს.

ფიჯის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი რატუ ინოკე კუბუაბოლა ასევე მიმდინარე კვირაში ეწვევა საქართველოს. დაგეგმილია მისი შეხვედრა პრეზიდენტ  სააკაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან და ქართველ კოლეგასთან გრიგოლ ვაშაძესთან. რამდენიმე თვის წინ ფიჯის საქართველომ 200 ნეთბუქი გადასცა საჩუქრად.

რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი და სენატორი ჯო ლიბერმანი საქართველოში, საგარეო უწყების ინფორმაციით, 6–7 სექტემბერს ჩამოვლენ.

თბილისი მიმდინარე კვირას ასევე უმასპინძლებს მაღალი რანგის მთავრობათშორის კონფერენციას  – გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისთვის, რომელიც საქართველოს მთავრობის ორგანიზებით 6–7 სექტემბერს გაიმართება იუნესკოსა და გაეროს გარემოს დაცვით პროგრამასთან პარტნიორობით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button