
მმართველი პარტია თბილისსა და ათ ქალაქში წინასაარჩევნო ყრილობას 1 სექტემბერს გეგმავს
მმართველი პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 1 სექტემბერს თბილისსა და კიდევ 10 ქალაქში პარტიულ შეკრებებს გამართავს, რაც "ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში", განაცხადა 27 აგვისტოს ნაციონალური მოძრაობის პრესსპიკერმა, დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
დედაქალაქის გარდა, მმართველი პარტია წინასაარჩევნო ყრილობას, რომელშიც მონაწილეობას პარტიის წევრები და მხარდამჭერები მიიღებენ, საქართველოს შემდეგ ქალაქებში გეგმავს: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ახალციხე, გორი, თელავი, მცხეთა, რუსთავი, ამბროლაური.
თაქთაქიშვილის ინფორმაციით, თბილისში ყრილობა სპორტის სასახლეში ჩატარდება, ხოლო რეგიონებში ამ შეკრებების დრო და ადგილი ეტაპობრივად ეცნობება საზოგადოებას.
„საარჩევნო ყრილობაზე იგეგმება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების გამოსვლები, რომლებიც საზოგადოებას გააცნობენ ჩვენს წინასაარჩევნო პროგრამას –მეტი სარგებელი ხალხს“, – განაცხადა მან.
მმართველი პარტია აცხადებს, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მისი ეს ღონისძიება პარტიის საარჩევნო კამპანიის ფონდიდან დაფინანსდება.
This post is also available in: English Русский