ახალი ამბები

ალასანია ზუგდიდში მაჟორიტარული მანდატის მოსაპოვებლად იბრძოლებს


ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ალასანია ზუგდიდში, 15 აგვისტოს მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს. ივანიშვილის პრესსამსახურის ფოტო. 

ირაკლი ალასანია, ჩვენი საქართველო–თავისუფელი დემოკრატების ლიდერი ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

ალასანიას კანდიდატურა დღეს ზუგდიდელებთან შეხვედრაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ოფიციალურად წარადგინა, რომლის დროსაც მან ყურადღება გაამახვილა ალასანიას ბიოგრაფიაში აფხაზეთთან არსებულ კავშირებზე და განაცხადა, რომ მისი ჩარევით შესაძლებელია აფხაზებთან ურთიერთობათა „ხიდების" აღდგენა. 

ალასანია, რომელმაც 2010 წელს თბილისის მერის არჩევნებში ხმათა 19.06%–ით მეორე შედეგი აჩვენა, ბოლო თვეების განმავლობაში სამეგრელოს რეგიონში კოალიციის კამპანიას უძღვებოდა.

ჯერ–ჯერობით უცნობია ვინ იქნება მისი კონკურენტი მმართველი პარტიიდან. ბოლო პერიოდში მედია წერდა, რომ ზუგდიდის მაჟორიტარობის შესაძლო კანდიდატად სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორი, როლანდ ახალაია, შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას და თავდაცვის მინისტრის მოადგილის დათა ახალაიას მამა განიხილებოდა. მმართველი პარტიის ცნობით, ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატის თაობაზე მსჯელობა კვლავ მიმდინარეობს და ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ალასანია კოალიციაში შემავალი სუბიექტების უკვე მეოთხე ლიდერია, რომელიც მაჟორიტარ კანდიდატად დასახელდა. რესპუბლიკელების ლიდერი დავით უსუფაშვილი საბურთალოს რაიონში იყრის კენჭს მაჟორიტარად, ივანიშვილის პარტიის, „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა კობახიძე საჩხერეშია წარდგენილი, ხოლო კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგური რუსთავის მაჟორიტარული მანდატისთვის იბრძოლებს.

ქვეყნის მასშტაბით არსებული 73 მაჟორიტარული ოლქიდან კოალიციას ჯერ კიდევ დარჩა წარსადგენი კანდიდატები ახალქალაქის, ნინოწმინდას, მარნეულისა და ცაგერის მაჟორიტარულ ოლქებში

იმავდროულად, 14 აგვისტოს კოალიციამ ცესკოში ოფიციალური განაცხადი შეიტანა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“ დარეგისტრირების თაობაზე. ამ ექვს–სუბიექტიანი გაერთიანების წევრები იქნებიან: ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო, ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკელები, ეროვნული ფორუმი,  კონსერვატორები და მრეწველები.

კანონის თანახმად, საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია 25 აგვისტოს უნდა დასრულდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button