ახალი ამბები

ევროკავშირი მედვედევის ცხინვალში ვიზიტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის პრემიერ–მინისტრის დიმიტრი  მედვედევის მიერ 8 აგვისტოს ცხინვალში განხორციელებული ვიზიტის გამო.

განცხადებაში, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით დღეს გააკეთა, ნათქვამია რომ „ეს ვიზიტები არ შეესაბამება სახელმწიფოების სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს“.

„[ევროკავშირის] წარმომადგენლობა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს  კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას რეგიონში და მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ძალისხმევა გამოიჩინონ  ამ მიმართულებით“, – ნათქვამია განცხადებაში, სადაც „წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ გამოხატავს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“.

დიმიტრი მედვედევი ცხინვალში საქართველოსთან ომის ოთხი წლისთავთან დაკავშირებით ჩავიდა და  სეპარატისტული რეგიონის ლიდერს ლეონიდ თიბილოვს შეხვდა.

This post is also available in: English Русский

Back to top button