
ომის წლისთავთან დაკავშირებით პარტიები კამპანიას წყვეტენ
ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ რუსეთთან აგვისტოს ომის ოთხ წლისთავთან დაკავშირებით ისინი საარჩევნო კამპანიას ორი დღით შეწყვეტენ.
ამ ინიციატივით დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოვიდა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს თავისუფლება და ტერიტორიული მთლიანობა არის საკითხი, რომელზეც ყველა პოლიტიკური ძალა უნდა იყოს ერთიანი; ამიტომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გადაწყვიტა 7 და 8 აგვისტოს, ანუ მომავალი ორი დღის განმავლობაში შეაჩეროს თავისი საარჩევნო კამპანია“, – განაცხადა ვიცე–სპიკერმა და ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა.
„იგივეს მოვუწოდებთ ჩვენს ოპონენტებს, რომ ამ ორი დღის განმავლობაში თავი შევიკავოთ ერთად პოლიტიკური აქტივობისგან და ერთად მივაგოთ პატივი იმ ვაჟკაცებს, ვინც თავი შესწირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ინიციატივის ფარგლებში შეწყდება კამპანიის შეხვედრები და პოლიტიკური სატელევიზიო რეკლამების გაშვება.
ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“ და რამდენიმე სხვა პარტია ასევე შეუერთდნენ მმართველი პარტიის ინიციატივას.
"ვუერთდებით ამ ინიციატივას, საარჩევნო კამპანიას ვწყვეტთ და მიგვაჩნია, რომ ეს სწორი ინიციატივაა“, – განუცხადა კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“.
იმავდროულად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემის ნიშნად, 7 და 8 აგვისტოს მთელი საქართველოს მასშტაბით დაეშვება სახელმწიფო დროშები.
This post is also available in: English Русский