
ირანმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა 26 დღით შეაჩერა
5 აგვისტოდან თვის ბოლომდე ირანი დროებით აჩერებს უვიზო მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების ზომების მიღების აუცილებლობით, ვინაიდან ისლამური რესპუბლიკა 26–31 აგვისტოს მიუმხრობლობის მოძრაობის წევრი ქვეყნების მეთაურთა მე-16 სამიტს უმასპინძლებს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
საგარეო უწყებამ ასევე განაცხადა, რომ აღნიშნულ პერიოდში ირანში გამგზავრების მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა ვიზის მისაღებად უნდა მიმართონ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს და დასძინა, რომ 1 სექტემბრიდან უვიზო მიმოსვლა კვლავ ამოქმედდება.
საქართველომ და ირანმა 45–დღიანი უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას 2010 წლის ნოემბერში მოაწერეს ხელი, როდესაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობდა. შეთანხმება ძალაში 2011 წლის იანვრის ბოლოს შევიდა.
This post is also available in: English Русский