skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილის და ივანიშვილის ბეშუმში ჩასვლას ინციდენტი მოყვა

პრეზიდენტი სააკაშვილი და ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ხულოს რაიონის კურორტ ბეშუმში 4 აგვისტოს თითქმის ერთდროულად გამოჩნდნენ, რამაც მათ მხარდამჭერებს შორის მცირე დაპირისპირება გამოიწვია.

პრეზიდენტი სააკაშვილი კურორტ ბეშუმში შაბათს დაახლოებით შუადღისას ჩავიდა.

ყოველწლიურად ბეშუმში ტრადიციული დღესასწაული „შუამთობა“ იმართება.

დღესასწაულის ადგილას შეკრებილი ხალხის წინაშე გამოსვლისას, რომელთაგანაც ბევრს მმართველი პარტიის მაისურები ეცვათ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, სხვა საკითხებთან ერთად  „წარსულის პოლიტიკოსებზეც“ ისაუბრა, რომლებიც, მისი თქმით, ცდილობენ დაანგრიონ ის რაც მან და მისმა მტავრობამ ააშენეს. თავის ბოლოდროინდელ საჯარო გამოსვლებში, პრეზიდენტმა არაერთხელ მოიხსენია ოპონენტები როგორც "პოლიტიკოსები წარსულიდა"; მართალია ის კონკრეტულად არავის ასახელებს, მაგრამ ამ გამონათქვამების სამიზნე, როგორც ჩანს, ივანიშვილია.

ივანიშვილი 5 აგვისტოს ბათუმში საარჩევნო კამპანიის ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავს.

ბეშუმში გამოსვლისას, სააკაშვილმა, "წარსულის პოლიტიკოსებზე" საუბრისას, განაცხადა: „მეტი საქმე არ მაქვს, რომ ჩვენი აშენებული ქვეყანა თქვენ გადაგაბაროთ, დაგანგრევინოთ“. 

„თქვენ ყოველთვის გიყურებდნენ წარსულის პოლიტიკოსები“, – მიმართა სააკაშვილმა მხარდამჭერებს. „ახლა, ვინც წარსულიდან თავის მუმიფიცირებული ხელებით ეპოტინება ჩვენ ახალ აღმშენებლობას, ვინც ურცხვად აცხადებს, რომ თურმე ძველი დრო უკეთესი ყოფილა, ვინც ტელევიზიით ყვება, რომ თურმე ახალი კურორტები ეს არის მთის დამახინჯება, თურმე ახალი გზები ეს არის თქვენი აუთენტურობის შეურაცხყოფა,  ის ხალხი, ვინც იძახის,რომ ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ძველი კორუმპირებული მოხელეები, ის ხალხი, ვინც იძახის, რომ ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ძველებური ცხოვრების წესი, ის ხალხი, ვინც გვეუბნება, რომ უნდა დავბრუნდეთ ძველი იმპერიული კონტროლის ქვეშ, რადგან იქ უფრო კონფორტულად ვგრძნობდით თავს, ჩვენ მათ გვინდა უთხრათ – ჩვენ უკან წასავლელი არსად აღარ გვაქვს. საქართველო და აჭარა იმოძრავებს მხოლოდ წინ უკეთესი მომავლისკენ, როგოც ჩვენ ყველამ ერთად დავსახეთ“.

სააკაშვილი ჯერ კიდევ დღესასწაულის ადგილას იმყოფებოდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ბეშუმში ჩავიდა. მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ტერიტორია დატოვა, ივანიშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, დღესასწაულის ადგილისკენ დაიძრა, თუმცა ვერ შეძლო იქამდე მისვლა, რადგანაც მმართველი მარტიის აქტივისტებმა მას გზა გადაუღობეს და გზის გაგრძელების საშუალება არ მისცეს, რა დროსაც შეხლა–შემოხლა მოხდა. მმართველი პარტიის რამდენიმე მხარდამჭერი უყვიროდა ივანიშვილს: „წადი პუტინ“.

„მაესტროს“ და „მეცხრე არხის“ ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ მათ მმართველი პარტიის აქტივისტებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს; ჟურნალისტებმა ასევე განაცხადეს, რომ იქ მყოფმა პოლიციელებმა მათ თხოვნაზე რომ დახმარებოდნენ რეაგირება არ მოახდინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ადგილზე მყოფმა პოლიციამ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები და მოახდინა დაპირისპირებული მხარეების ერთმანეთისგან "დისტანცირება". შსს–ს განცხადებაში დაპირისპირებული მხარეები მოხსენიებულია როგორც „ადგილობრივი მოსახლეობა“ და „ტერიტორიაზე მისული ცალკეული ჯგუფი“. 

„საქართველოს პოლიცია დაიცავს ყველა ჯგუფის, მათ შორის ყველაზე აგრესიული ჯგუფის გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ამავდროულად გამოიყენებს კანონით განსაზღვრულ ყველა საშუალებას  და არ დაუშვებს, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდოს დაპირისპირებასა და შეტაკებაში“, – განაცხადა შსს–მ.

„ქართული ოცნების“ და მმართველი პარტიის მხარდამჭერებს შორის უკვე მოხდა ორი სერიოზული ინციდენტი, რომლებიც შეტაკებაში გადაიზარდა – ერთი 26 ივნისს სოფელ მერეთში, მეორე კი 12 ივლისს სოფელ კარალეთში.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა განაცხადეს რომ ბეშუმში მომხდარი ინციდენტი ხელისუფლების პროვოკაცია იყო, რომელშიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button