ახალი ამბები

საარჩევნო ვადები და პროცედურები

ქვემოთ მოცემულია 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული და საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე ძირითადი თარიღი, საბოლოო ვადა და პროცედურა, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გამოაქვეყნა.

5 აგვისტო – ამ დღეს ეწურება ვადა პარტიას, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის წარმომადგენელი ჰყავს საქართველოს პარლამენტში, განცხადებით მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად; ცესკომ უნდა დაარეგისტრიროს პარტია, ან მის განცხადებაში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში ორი დღის ვადაში უნდა აცნობოს პარტიას ამის თაობაზე.

5 აგვისტო –  ამ დღეს ეწურება ვადა ხუთწევრიან „საინიციატივო ჯგუფს“, რომელსაც დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენა სურს ერთმანდატიან ოლქში და განცხადებით მიმართავს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას; 2008 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, როდესაც მხოლოდ პარტიებს ან საარჩევნო ბლოკებს შეეძლოთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა, ამჟამად საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელებული დამოუკიდებელი კანდიდატებიც შეძლებენ ერთმანდატიან ოლქებში კენჭისყრას. თუმცა დამოუკიდებელ კანდიდატებს 5 000 ლარის განთავსება მოუწევთ დეპოზიტზე, რომელსაც ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიბრუნებენ, თუ ხმების სულ ცოტა  10%–ს მოიპოვებენ. საოლქო საარჩევნო კომისიამ ერთი დღის ვადაში უნდა დაარეგისტრიროს საინიციატივო ჯგუფი ან განცხადებაში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, მან დაუყონებლივ უნდა აცნობოს განმცხადებელს ამის თაობაზე. შემდეგ, დარეგისტრირებულმა საინიციატივო ჯგუფებმა მხარდამჭერთა ხელმოწერები უნდა შეაგროვონ და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგინონ არაუგვიანეს 12 აგვისტოსი. 

6 აგვისტო –  ცესკო თავის ვებგვერდზე აქვეყნებს იმ ამომრჩეველთა საერთო  რაოდენობას, რომელთაც უფლება აქვთ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა; მონაცემები ასევე უნდა შეიცავდეს ხმების რაოდენობას 73 საარჩევნო ოლქიდან თითოეულში.
  
15 აგვისტო – პარტია,  რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი,  ცესკოს წარუდგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 %) ამომრჩევლის სიას, ხოლო  კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, ცესკოს წარუდგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერ სულ ცოტა 1 000  ამომრჩევლის სიას.

19 აგვისტო – საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთვის პარტიები  ცესკოს წარუდგენენ ბლოკში შემავალი ყველა პარტიის უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილ განცხადებასა და საარჩევნო ბლოკის წესდებას.

21 აგვისტო – ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციაში გაატარებს საარჩევნო ბლოკსა და მის წარმომადგენელს.

1 სექტემბერი – პარტია/საარჩევნო ბლოკი ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს პარტიულ სიას.

6 სექტემბერი – ცესკო დაარეგისტრირებს პარტიულ სიებს ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობებს პარტიას ან საარჩევნო ბლოკს ამის თაობაზე.

6 სექტემბერი –  საოლქო საარჩევნო კომისია დაარეგისტირებს პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ან განცხადებებში აღმოჩენილი უზუსტობების შემთხვევაში აცნობებს მათ ამის თაობაზე.

1 სექტემბერი –  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე ცესკო საარჩევნო უბნებს ქმნის საზღვარგარეთ.

10 სექტემბერი – სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში ან საკონსულო დაწესებულებაში იმ  ამომრჩევლების  რეგისტრაციის ბოლო ვადა, რომლებიც არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე.

18 სექტემბერი – ამ დღიდან დაწყებული, ამომრჩეველთა ერთიან სიაში რაიმე ცვლილების შეტანა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი.

21 სექტემბერი – ამ დღეს იწურება ვადა იმისათვის, რომ ადგილობრივმა ორგანიზაციებმა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოს მიმართონ. ცესკომ ხუთი დღის ვადაში უნდა გადაწყვიტოს დაარეგისტრირებს, თუ არა ორგანიზაციას.

24 სექტემბერი –  ამ დღეს იწურება ვადა იმისათვის, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოს მიმართონ. ცესკომ არაუგვიანეს 26 სექტემბრისა უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

28 სექტემბერი – მედიის წარმომადგენლების მიერ ცესკოში აკრედიტაციისთვის მიმართვის ბოლო ვადა. 

1 ოქტომბერი – არჩევნების დღე, საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე იღება და საღამოს 8 საათზე იკეტება.

12 ოქტომბერი – ბოლო ვადა საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის, რომ ოლქებიდან მიღებული შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე შეაჯამონ არჩევნების კენჭისყრის შედეგები.  

15 ოქტომბერი – მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური იმ ერთმანდატიან ოლქებში გაიმართება, სადაც  ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს ხმების 30%–ზე მეტს პირველ ტურში. იმავე დღეს უნდა გაიმართოს განმეორებითი არჩევნები იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ოლქში 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გაუქმდება.

20 ოქტომბერი – ცესკოს მიერ ოქმების შეჯამების საბოლოო ვადა.

This post is also available in: English Русский

Back to top button