skip to content
ახალი ამბები

მთავრობა უმუშევართა აღწერას იწყებს

მთავრობა უმუშევართა აღწერას  3 ათასი სოციალური აგენტის მეშვეობით იწყებს, რათა ახალი სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულება – დასაქმების პრობლემა მოგვარდეს.

10 ივლისს მთავრობის სხდომაზე ამ პრობლემის მოგვარების ექვსპუნქტიანი გეგმა დასაქმების საკითხებში ახალმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ტრაპაიძემ წარადგინა.

გეგმის ეტაპები ითვალისწინებს სამუშაოს მაძიებელთა სრულყოფილი ბაზის შექმნას; მიღებული მონაცემების ანალიზს გეოგრაფიის, ასაკის, პროფესიისა და განმეორებადობის მიხედვით; უმუშევრის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრას; ტესტირებას; ტრეინინგებს; რის შემდეგაც, ტრაპაიძის თქმით, ადამიანი „აუცილებლად დასაქმდება“.

ამ გეგმის პირველ ეტაპს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო შეასრულებს, რაც გულისხმობს უმუშევართა აღწერას სპეციალური კითხვარების შევსების გზით. აღწერას საგანგებოდ მომზადებული 3 ათასი აგენტი მომდევნო სამი თვის განმავლობაში პირველ ეტაპზე 25 ქალაქში განახორციელებს. 

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ ყველა ოჯახს, სადაც სოციალური აგენტები მივლენ, შეეძლება ნებაყოფლობით შეავსოს სამუშაოს მაძიებლის აღრიცხვის ბარათი, რომელშიც შეიტანება მონაცემები ზოგადად ოჯახის და ასევე მისი ცალკეული წევრების შესახებ.

ჭიაბერაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ უმუშევრების გარდა აღიწერებიან ასევე ოჯახში მყოფი დასაქმებული ადამიანებიც მათი კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლების მიზნით და ასევე პენსიონერები, რომლებიც მიუხედავად მათი ასაკისა, თავს შრომისუნარიან ადამიანებად მიიჩნევენ.

შექმნილი მონაცემთა ბაზები, რომელიც შემდგომი გაანალიზებისთვის დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატს გადაეცემა, გამოყენებული იქნება ნებისმიერი დამსაქმებლის მიერ, ასევე იმისთვის, რომ კვალიფიკაციის ამაღლების კურსების დაგეგმვის შემდეგ, „მუდმივად ვიყოთ კონტაქტზე მათთან“, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

This post is also available in: English Русский

Back to top button