ახალი ამბები

სააკაშვილმა და ალიევმა ჩიკაგოში შეხვედრისას დავით–გარეჯთან საზღვრის სადავო მონაკვეთზეც იმსჯელეს

პრეზიდენტი სააკაშვილი ჩიკაგოში ნატოს სამიტის ფარგლებში თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს შეხვდა და დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან საზღვრის სადავო მონაკვეთის საკითხი განიხილა, განაცხადეს საქართველოს ოფიციალურმა პირებმა.

„შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ის პროექტები იყო, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. საუბრისას, ყურადღება დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ ამ თემაზე მოლაპარაკება ორი ქვეყნის დიპლომატებისა და სასაზღვრო კომისიის ფარგლებში გაგრძელდება. ლიდერების განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობასა და თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ამ ორი მოძმე ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 20 მაისს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღნიშნა მოკლე განცხადებაში, რომ ორმა პრეზიდენტმა „კმაყოფილება გამოხატეს აზერბაიჯანი–საქართველოს ურთიერთობების განვითარებით სხვადასხვა სფეროებში“ და „ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ შეხედულებები გაცვალეს“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა თავის სატელევიზიო კომენტარებში ჩიკაგოდან, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტების საუბრის უდიდესი ნაწილი „დაეთმო იმ მოვლენებს, რაც დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილის გარშემო განვითარდა და საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია“.

„ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ ეს პრობლემა ახალი არ არის. ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, არ ვიცი, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ისე გაატარეს ადმინისტრაციული საზღვარი, რომ ამ კომპლექსის, დაახლოებით, 2% აღმოჩნდა მაშინდელი ადმინისტრაციული საზღვრის აზერბაიჯანულ მხარეზე. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე პრეზიდენტის მითითებით, ჩვენ იმწუთასვე მოვითხოვთ სასაზღვრო კომისიის შეკრებას იმისათვის, რომ გაორმაგებული ძალისხმევით გავაგრძელოთ ამ საკითხზე მუშაობა“, – განაცხადა ვაშაძემ.

დავით–გარეჯის კომპლექსის ერთი ნაწილი უკვე დიდი ხანია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების ერთ–ერთ პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს. სულ ბოლო უთანხმოება მას შემდეგ წარმოიშვა, რაც დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან საზღვრის სადაო მონაკვეთზე 6 მაისს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გამოჩნდნენ, რის შედეგადაც დამთვალიერებლებს საქართველოდან აღარ ჰქონდათ საშუალება კომპლექსის ზოგიერთი ნაწილი მოენახულებიათ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო უწყების მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველოს მოქალაქეებს სამონასტრო კომპლექსის ყველა ნაწილთან შეეძლოთ შეუზღუდავად მისვლა.  

„რაც შეეხება ამ მონასტერის საბოლოო სტატუსს, გასაგებია ჩვენ რა მიზანს ვისახავთ და ეს საკითხი გადაწყდება წყნარი, მეთოდური, ნაბიჯ–ნაბიჯ მუშაობით, რომელსაც ჩვენ ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან ვაწარმოებთ სასაზღვრო კომისიის ფარგლებში“, – განაცხადა ვაშაძემ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button