skip to content
ახალი ამბები

საქართველომ ევროპის 2020 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი შეიტანა


ბათუმის ცენტრალური სტადიონის მაკეტი (სავარაუდო ვერსია).

საქართველომ ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე 14 მაისს უეფაში ოფიციალური განაცხადი შეიტანა, განაცხადეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ სამშაბათს.

თურქეთმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი უკვე გამოთქვა ოფიციალური განაცხადით და 15 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შოტლანდია, უელსი და ირლანდიის რესპუბლიკა ასევე აპირებენ განაცხადების წარდგენას.

უეფაში ჩემპიონატის მასპინძლობაზე ინტერესთა გამოხატვის ვადა დღეს შუაღამისას იწურება.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მარტში ბაქოში ვიზიტისას განაცხადა, რომ თბილისი და ბაქო შეთანხმდნენ ერთობლივი განაცხადის წარდგენაზე. თუმცა ამ განცხადებიდან მალევე აზერბაიჯანის მხარემ მიანიშნა, რომ ასეთი შესაძლებლობა ნაკლებად სავარაუდო იყო, ვინაიდან ბაქო 2020 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზე იყო ფოკუსირებული. 

„აზერბაიჯანს აქვს განცხადება გაკეთებული ოლიმპიადის გამართვასთან დაკავშირებით და ამიტომ ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით, რომ აზერბაიჯანი გააგრძელებს ოლიმპიადის გამართვაზე ბრძოლას, ხოლო საქართველო დამოუკიდებლად გააგრძელებს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გამართვასთან დაკავშირებით ბრძოლას,“– განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა 15 მაისს.

მისი თქმით, მხოლოდ „მონაწილეობა“ და „სურვილი“ იმისა, რომ საქართველოში გაიმართოს ევროპის ჩემპიონატი, „მოგვცემს ჩვენ საქართველოში ძალიან ფართო სამშენებლო პროცესის დაწყებას, რაც საბოლოო ჯამში ქართულ ფეხბურთს გამოადგება“. ვარძელაშვილის თქმით, წელს ბათუმში დაიწყება ულტრათანამედროვე სტადიონის მშენებლობა და გარდა ამისა ახალი სტადიონების მშენებლობა იგეგმება გორში, ზუგდიდში, ასევე გურიის რეგიონში.

მისი თქმით, ასევე იგეგმება თბილისსა და ქუთაისში არსებული სტადიონების კაპიტალური რეკონსტრუქცია.

ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი 55 000 მაყურებელზეა გათვლილი, ხოლო მიხეილ მესხის სტადიონი – 25 000 ადამიანზე. ქუთაისის სტადიონი კი 18 000 მაყურებელს იტევს.

სტადიონებთან დაკავშირებით ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მოთხოვნების თანახმად, მასპინძელ ქვეყანას სულ ცოტა 2 სტადიონი უნდა ჰქონდეს 50 000 მაყურებლის ტევადობით; სამი სტადიონი – 40 000 ადგილით და ოთხი სტადიონი – 30 000 ადგილით.

"მზად ვართ უეფას ყველა ის მოთხოვნა და რეკომენდაცია განვიხილოთ, რომლებიც ასეთი დიდი ღონისძიების ორგანიზებისთვისაა საჭირო", – ნათქვამია წერილში, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფას გენერალურ მდივანს გაუგზავნა 14 მაისს.

წელს ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატს პოლონეთი და უკრაინა უმასპინძლებენ, ხოლო "ევრო 2016"–ს – საფრანგეთი. "ევრო 2020"–ის მასპინძელი ქვეყანა, სავარაუდოდ, 2013 წლის ბოლოს ან 2014 წლის დასაწყისში გამოცხადდება.
    

This post is also available in: English Русский

Back to top button