ახალი ამბები

სააკაშვილი: ‘მომეცით, დამაცადეთ კიდევ ორი, სამი, ოთხი წელი’


პრეზიდენტი სააკაშვილი 2 მაისს ქუთაისის თეატრში სიტყვით გამოსვლისას. ფოტო "რუსთავი 2"–ის კადრიდან. 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2 მაისს ქუთაისის თეატრში შეკრებილ აუდიტორიას განუცხადა, რომ მისცენ „კიდევ ორი, სამი, ოთხი წელი“ და ის წყალტუბოს კურორტს ევროპაში საუკეთესო ადგილად აქცევს.

„წყალტყუბო მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში იყო ყველაზე მაგარი კურორტი. მე გაძლევთ გარანტიას, რომ მომეცით, დამაცადეთ კიდევ ორი, სამი, ოთხი წელი და ნახეთ თუ არ გავხდი მთელს ევროპაში ყველაზე მაგარ ადგილად. ნახეთ როგორი მაგარი გამოვა მთელი ქსელი ტურისტული ობიექტების ქუთაისის გარშემო“, – განაცხადა სააკაშვილმა თავის გამოსვლაში, რომელიც „რუსთავი 2“–ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

სააკაშვილის მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს იწურება; თუმცა მას შეუძლია გახდეს პრემიერ–მინისტრი, რომლის ძალაუფლებაც მნიშვნელოვნად გაიზრდება მას შემდეგ, რაც ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან ახალი კონსტიტუციური ნორმები შევა ძალაში. 

სააკაშვილი ყოველთვის თავს იკავებდა პრეზიდენტობის შემდგომ გეგმებზე საუბრისგან და თითქმის ყოველთვის არიდებდა თავს პასუხს, როდესაც ეკითხებოდნენ აპირებდა, თუ არა პრემიერ–მინისტრის პოსტის დაკავებას.

ქუთაისში გამოსვლისას სააკაშვილმა ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს პარლამენტის ქუთაისში გადატანას და ამ სიდიდით მეორე ქალაქის საქართველოს "მეორე დედაქალაქად" ჩამოყალიბებას.

"ქუთაისში მეორე დედაქალაქის გადმოსვლა, ისევე როგორც ეს იყო დიდი დავით აღმაშენებლის დროს – ეს არის დასავლეთ საქართველოზე სრული კონტროლის დასაწყისის ძალიან  მნიშვნელოვანი საფუძველი,"– განაცხადა მან, „ჩვენ ქუთაისიდან უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი ისევე, როგორც დავიბრუნეთ აჭარა გასულ წლებში“.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button