ახალი ამბები

სააკაშვილი და ტრამპი ბათუმში ‘ტრამპ თაუერის’ პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ


დონალდ ტრამპი და მიხეილ სააკაშვილი 22 აპრილს ბათუმში ბანერის ფონზე, სადაც  „ტრამპ–თაუერია“ გამოსახული. ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ვებ–გვერდი.

პრეზიდენტი სააკაშვილი და უძრავი ქონების ამერიკელი მაგნატი დონალდ ტრამპი კვირას ბათუმში დაგეგმილი 47–სართულიანი ცათამბჯენის – „ტრამპ თაუერის“ პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ.

„ტრამპ თაუერის“ მშენებლობა წლის განმავლობაში დაიწყება და სავარაუდოდ, 2013 წლის ბოლოს ან 2014 წლის დასაწყისში დასრულდება. პროექტის მესაკუთრე და დეველოპერია Silk Road Group-ი (SRG), ქართული კონგლომერატი, რომელსაც ბიზნეს ინტერესები გააჩნია ტრანსპორტირების, ტელეკომუნიკაციების, საბანკო და უძრავი ქონების სფეროებში. SRG–ი „ტრამპის“ სახელს და სავაჭრო ნიშანს სალიცენზიო შეთანხმების ფარგლებში იყენებს.

სააკაშვილმა და ტრამპმა, რომლებიც დიდი ბანერის ფონზე იდგნენ, სადაც დაგეგმილი თაუერი და ნავსადგომი იყო გამოსახული, ერთმანეთი შეაქეს. სააკაშვილმა უძრავი ქონების მაგნატს „მსოფლიოს ყველაზე დიდი მშენებელი და ყველაზე დიდი დეველოპერი“ უწოდა, ხოლო ტრამპი სააკაშვილის მიერ შესრულებულ „გასაოცარ“ სამუშაოს მიესალმა.

„რეალურად ახალი ამერიკა არის მისი აშენებული“, – განაცხადა სააკაშვილმა ტრამპის შესახებ, რომელიც მან  21 აპრილს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

„თუ ვინმეს ჩამოსვლა სადმე არის პასპორტი, საბოლოო ჯამში, ქვეყნის წარმატების, თუ ვინმე ზუსტად შეესაბამება ასევე ჩემს ფილოსოფიას, ადამიანს, რომელიც მუდმივად რისკის ფასად ბედავს, არ უჯერებს არავის, არ უჯერებს პესიმისტებს – სწორედ ასეთია დონალდ ტრამპი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„მან ზუსტად იცის რა უნდა და არაფრის წინაშე არ გაჩერდება, რომ მიიღოს ის, რაც უნდა“, – განაცხადა მან, „ეს ყველაფერი ჩემთვისაც ძალიან ნაცნობი და მისაღებია“.

მან ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად „გარეშე ძალების“ მცდელობისა ძირი გამოუთხარონ საქართველოს, ქვეყანა „კაშკაშა ვარსკვლავი ხდება მთელი რეგიონისთვის განვთარების და უკეთესი მომავლის შეთავაზების [საქმეში]“.    

„საქართველოში განხორციელებული სამუშაოებიდან, ყველაზე გასაოცარი სამუშაო პრეზიდენტმა შეასრულა“, – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა მიაჩნიათ, რომ ის, რაც ქვეყანაში ხდება, ჩვეულებრივი მოვლენაა. „მინდა გითხრათ, რომ საქართველოს შესახებ ამ რეგიონის გარეთაც ბევრს საუბრობენ – მსოფლიო ალაპარაკდა იმ დიდ სასწაულზე, რომელიც აქ ხდება და ეს პრეზიდენტის დამსახურებაა“, – განაცხადა ტრამპმა.

„მერწმუნეთ, თქვენ ამ რეგიონის მიღმაც დიდი ადამიანი ბრძანდებით“, – მიმართა ტრამპმა სააკაშვილს.

21 აპრილს დონალდ ტრამპმა განუცხადა „როიტერს“ თბილისში, რომ საქართველო ახლა „ნამდვილად ერთ–ერთი გასაოცარი ადგილია მსოფლიოში“ უამრავი „საინვესტიციო შესაძლებლობებით“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button