ახალი ამბები

დონალდ ტრამპი საქართველოს სტუმრობს


არქიტექტურული კომპანიის John Fotiadis Architect–ის მიერ შემუშავებული საპროექტო გეგმის თანახმად, სავარაუდოდ, ასეთი იქნება ბათუმის „ტრამპ თაუერი“ და მისი მიმდებარე ნავსადგომი. 

უძრავი ქონების ამერიკელი მაგნატი დონალდ ტრამპი საქართველოში ჩამოვიდა, რათა კვირას ბათუმში „ტრამპ თაუერის“ პროექტის პრეზენტაციაში მიიღოს მონაწილეობა.

დონალდ ტრამპი, რომელიც თბილისში დღეს საკუთარი თვითმფრინავით ჩამოფრინდა , დაგეგმილი 47–სართულიანი „ტრამპ თაუერის“ მფლობელი ან დეველოპერი არ არის.

პროექტის მესაკუთრე და დეველოპერია Silk Road Group-ი (SRG), ქართული კონგლომერატი, რომელსაც ბიზნეს ინტერესები გააჩნია ტრანსპორტირების, ტელეკომუნიკაციების, საბანკო და უძრავი ქონების სფეროებში.

SRG–ი „ტრამპის“ სახელს და სავაჭრო ნიშანს იმ სალიცენზიო შეთანხმების ფარგლებში იყენებს, რომელსაც მან ამერიკელი მაგნატის დეველოპერული და უძრავი ქონების კომპანიასთან, Trump Organization-თან მიაღწია 2011 წლის მარტში ნიუ–იორკში გამართულ ცერემონიაზე, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილიც ესწრებოდა.

შარშან ზაფხულში SRG–მა ნიუ იორკში განთავსებული არქიტექტურული კომპანია John Fotiadis Architect დაიქირივა ბათუმში „ტრამპ თაუერის“ პროექტის შემუშავებისთვის.

John Fotiadis Architect–ის ინფორმაციით, რომელმაც ასევე მიიღო მონაწილეობა Trump Towers Istanbul-ის და სტემფორდში Trump Parc–ის შემუშავებაში, ბათუმის „ტრანპ თაუერის“ და ნავსადგომის მშენებლობის დასრულება 2013 წლის ბოლოს ან 2014 წლის დასაწყისში იგეგმება; პროექტის შემდგომი ეტაპი ითვალისწინებს თაუერის და ნავსადგომის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებას. გეგმის თანახმად, მთლიანი პროექტის საერთო ფართობი, დაახლოებით, 160 000 კვადტარული მეტრი იქნება.

გასულ წელს SRG–მა განაცხადა, რომ საქართველოში ორი „ტრამპ თაუერის“ აშენებას გეგმავდა, ერთს ბათუმში და მეორეს თბილისში, თუმცა როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი რამიშვილმა აღნიშნა, ახლა აქცენტი ბათუმის „ტრამპ თაუერზე“ კეთდება, ხოლო თბილისის პროექტი მომავლის პერსპექტივაა.

„ტრამპ თაუერის“ პროექტი საქართველოში „მწვანე შუქი“ იქნება ინვესტორებისთვის მსოფლიო მასშტაბით, რათა მათ საინვესტიციო პროექტები განახორციელონ საქართველოში, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ, რომელიც დონალდ ტრამპს თბილისის აეროპორტში დახვდა.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button