skip to content
ახალი ამბები

საქართველოს სანაპირო დაცვამ რუსული სატვირთო გემი დააკავა


სატვირთო გემი, Pur-Navolok. ფოტო მფლობელი კომპანიის, Belfreight–ის ვებ–გვერდიდან.  

საქართველოს სანაპირო დაცვამ 19 მარტს „ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე“ რუსული სატვირთო გემი დააკავა, ნათქვამია საქართელოს სასაზღვრო პოლიციის მოკლე განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, რუსეთის ფედერაციის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი PUR-NAVOLOK, რომლის ეკიპაჟიც 10 წევრისგან შედგება, სარფის საზღვაო რაიონში დააკავეს. ეკიპაჟის ათივე წევრი რუსეთის მოქალაქეა.

სასასაზღვრო პოლიციის ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ერთი) მუხლის I ნაწილით.

აღნიშნული  მუხლი, სხვა დარღვევებთან ერთად, ასევე ეხება საზღვაო ნაოსნობის წესების დარღვევასაც და ითვალისწინებს ჯარიმას 50 000 ლარის ოდენობით.

PUR-NAVOLOK–ის მფლობელია რუსული სატრანსპორტო, ლოგისტიკური და გემების მართვის კომპანია Belfreight-ი (Белфрахт), რომლის სათავო ოფისი არხანგელსკშია განთავსებული.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვანახშირით დატვირთული სატვირთო გემი ქერჩიდან ხოფაში მიემგზავრებოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ გემი მაშინ დააკავეს, „როდესაც ის თურქეთის პორტში შესასვლელად ნებართვას ელოდებოდა“.

მან ასევე განაცხადა, რომ თბილისში შვეიცარიის საელჩოში მდებარე რუსეთის ინტერესთა სექცია რუსული გემის დაკავების გარემოებებს სწავლობს და ყველა ზომას იღებს ეკიპაჟის წევრებისთვის საკონსულო დახმარების აღმოსაჩენად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button