
საქართველოს პატრიარქმა პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
რუსეთის ახლად არჩეული პრეზიდენტისთვის, ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილ მისალოც წერილში საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განუცხადა, რომ საქართველო ვერასდროს შეეგუება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის „მოწყვეტას“.
„ვფიქრობთ, თქვენი დიდი გამოცდილება ხელს შეუწყობს მშვიდობისა და კეთილდღეობის განმტკიცებას თქვენს სახელმწიფოში“, – ნათქვამია საქართველოს პატრიარქის მისალოც წერილში, რომელიც საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„რუსები და ქართველები – ერთმორწმუნე ერებია, რაც გვაახლოვებს, მაგრამ ვერც საქართველო და ვერც ჩვენი ეკლესია ვერასდროს შეეგუება ჩვენი სამშობლოს წიაღიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოწყვეტას“, – ნათქვამია მისალოც წერილში.
„თუმცა, ვფიქრობთ, ყველა სირთულის მიუხედავად, რუსეთსა და საქართველოს შორის, სავსებით შესაძლებელია კეთილი ურთიერთობების აღდგენა, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი იზეიმებს ისტორიული სამართლიანობა“.
„დარწმუნებულნი ვართ, რომ ადრე თუ გვიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დამყარდება, მაგრამ კარგი იქნება, რომ ეს თქვენი მმართველობის პერიოდში მოხდეს. გისურვებთ ჯანმრთელობას, თქვენს ქვეყანას კი – შემდგომ აყვავებას“, – ნათქვამია პუტინისადმი გაგზავნილ მისალოცში.
This post is also available in: English Русский