ახალი ამბები

მანჯგალაძე: ‘მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა ჩვენი ახირება არ არის’

რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადების საპასუხოდ, რომ მოსკოვი მზადაა თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს, პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 26 იანვარს განაცხადა, რომ ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც მოსკოვი სოხუმში და ცხინვალში თავის საელჩოებს დახურავს.

„უნდა ითქვას, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა დაიხურება უკანონოდ გახსნილი ე.წ. საელჩოები სოხუმსა და  ცხინვალში. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა – ეს არ არის ახირება,  ეს ნაბიჯი გადადგმულ იქნა მხოლოდ იქიდან გამომდინარე,  რომ სწორედ რუსეთი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და დღემდე საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი  – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული რჩება“, – განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

მედვედევის განცხადების იმ ნაწილის კომენტირებისას, რომ მოსკოვის სურვილია, კარგი ურთიერთობები ჰქონდეს ქართველ ხალხთან, მაგრამ პრეზიდენტ სააკაშვილის ხელსაც კი არ გაუწვდის, მანჯგალაძემ განაცხადა:  „პრობლემა არა პიროვნებებში და მიხელ სააკაშვილშია, არამედ საქმე ეხება საქართველოს მოსახლეობას“.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button