ახალი ამბები

ნალბანდიანი და ვაშაძე ორმხრივ ურთიერთობებს მიესალმებიან


სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი (მარცხნივ) და მისი ქართველი
კოლეგა გრიგოლ ვაშაძე (მარჯვნივ) თბილისში, 29 ივნისს გამართულ შეხვედრაზე. 
ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

სომხეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები, ედვარდ ნალბანდიანი და გრიგოლ ვაშაძე, რომელთაც 29 ივნისს თბილისში შეხვედრა გამართეს, მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის ინტენსიურ ორმხრივ ურთიერთობებს.   

"ჩვენ მოლაპარაკებულები ვართ შევხვდეთ არა წელიწადში ერთხელ, არამედ გაცილებით უფრო ხშირად, სამჯერ, ოთხჯერ წელიწადში და ჩვენ ამ შეთანხმებას პირწმინდად ვასრულებთ", – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ მოკლე განცხადებაში, "ხანდახან ისმის ხოლმე შეკითხვები, იმდენად პრობლემატური საკითხები გაქვთ, რომ ასე ხშირად გიწევთ შეხვედრაო? ზუსტად იმისათვის, რომ საქართველოს და სომხეთის ურთიერთობებში არ იყოს არავითარი პრობლემატური საკითხები, ზუსტად იმიტომ ვხვდებით მე და ჩემი მეგობარი და კოლეგა ბატონი ედვარდ ნალბანდიანი“.

"მინდა ვთქვა, რომ ორ სახელმწიფოს შორის არასდროს არ ყოფილა ასეთი ურთიერთობები, როგორიც ახლა არის, თუმცა ჩვენ ცუდი ურთიერთობები არ გვქონია. ამაში უზარმაზარი წვლილი აქვთ შეტანილი ორი ქვეყნის პრეზიდენტებს", – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, მათ ორმხრივი ურთიერთობის ყველა აქტუალური საკითხი განიხილეს და ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

"კონკრეტულად ვილაპარაკეთ უმაღლეს დონეზე ვიზიტებზე, ვილაპარაკეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობაზე, ასევე, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი თანამშრომლობა ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ეკონომიკის და სხვა სფეროში; ვილაპარაკეთ ჰუმანიტარულ ასპექტებზე, მათ შორის საქართველოს და სომხეთის კულტურის კვირეულების ჩატარებაზე", – განაცხადა ვაშაძემ.  

თავის მხრივ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა განაცხადა, რომ ორმხრივ ურთიერთობებში არ არსებობს საკითხები, რომელთა მოგვარებაც შეთანხმების გზით შეუძლებელია.

"რა თქმა უნდა, ორ მეზობელ ქვეყანას შორის შეიძლება იყოს საკითხები, რომლებიც განხილვას და გადაწყვეტას საჭიროებს. მაგრამ არ არსებობს ისეთი საკითხები, რომლის გადაწყვეტასაც ჩვენ ვერ შევძლებთ ორი ქვეყნის ურთიერთობისას მოლაპარაკების და შეთანხმების გზით",  – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button