ახალი ამბები

26 მაისის მოვლენები ევროკავშირი–საქართველოს დიალოგის ფარგლებში განიხილება

ბრალდებები 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლის დროს ქართული პოლიციის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენების შესახებ 20 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების სფეროში დიალოგის ფარგლებში იქნება განხილული.

"ევროკავშირი კვლავაც დიდ ინტერესს იჩენს საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართ და ყურადღებით აკვირდება ამ სფეროში არსებულ მდგომარეობას. ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგი ორმხრივი პროცესია და საშუალებას აძლევს მხარეებს, აღიარონ მიღწეული წარმატება და დააყენონ პრობლემური საკითხები,“ – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის ელჩის ფილიპ დიმიტროვის მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიების ხელმძღვანელების სახელით გავრცელებულ წერილობით განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დიალოგის მორიგი რაუნდის წინ ჩატარდა შეხვედრა ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

"ევროკავშირი დიდი ინტერესით მოელის ინფორმაციას საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში მიღწეულ შემდგომ წინსვლასთან დაკავშირებით. დისკუსიებისას განხილული იქნება საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის,  26 მაისის მოვლენები და განცხადებები ქართული პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ, ასევე, საქართველოში მედიის მიმართ დამოკიდებულების შესახებ,“ – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English Русский

Back to top button