ახალი ამბები

ვაშაძე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა, რომელიც სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოს სტუმრობს, განაცხადა 15 ივნისს თავის ქართველ კოლეგასთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ, რომ ორ ქვეყანას "ხშირი, ძლიერი და კარგი ორმხრივი ურთიერთობა“ აქვს.

მან ასევე განაცხადა,  რომ ვარშავაში სექტემბერში დაგეგმილი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფონზე, სამხრეთ კავკასიურ სახელმწიფოებში ვიზიტების დროს მან ძირითადად ევროკავშირსა და რეგიონის სამ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებზე, ასევე დემოკრატიული რეფორმების პროცესზე გაამახვილა ყურადღება.

თავის ქართველ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების თაობაზე ევროკავშირის ბოლო ანგარიშმა აჩვენა, რომ საქართველო "არის ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ამ ნაწილში, რომელიც საუკეთესოა საქმიანობის თვალსაზრისით“.

"ვიმედოვნებ, რომ სხვებიც წამოეწევიან მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტები ნაწილობრივ განსხვავებულია როგორც აზერბაიჯანში, ისე სომხეთში,“ – განაცხადა ბილდტმა.

ევროკავშირის მიერ 2008 წლის ბოლოს აღმოსავლეთ მეზობლებთან კავშირების გაღრმავების მიზნით ინიცირებული აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრები სომხეთთან, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან ერთად ასევე არიან ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა. 
 
კარლ ბილდტმა, რომელიც თბილისში გამართულ მოლაპარაკებებამდე 14 ივნისს ბათუმს სტუმრობდა, თავის ბლოგზე დაწერა, რომ მართალია ის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების განხილვას გეგმავდა, თუმცა მოლაპარაკებების მთავარი თემა „დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების საჭიროება“ იქნება, რაც ევროკავშირთან უფრო ახლო ინტეგრაციას გაუკვალავს გზას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ მისი შვედი კოლეგა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის ევროპული არჩევნის "მტკიცე მხარდამჭერია“.

კითხვაზე იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისმა შესაძლოა ჟენევის მოლაპარაკებების დემარში განახორციელოს, თუ რუსეთი კვლავაც განაგრძობს "ტერორისტულ“ მცდელობებს საქართველოს წინააღმდეგ, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მართალია რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესი ამ მოლაპარაკებებიდან მოსალოდნელი არ არის, მაგრამ ის მაინც უნდა გაგრძელდეს.

"ჟენევის მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია არა იმიტომ, რომ მას მნიშვნელოვანი პროგრესი მოაქვს – მე ამას ნამდვილად არ ველი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ის გაგრძელდეს, რადგანაც მას შეუძლია თანდათან ხელი შეუწყოს უკეთეს გარემოს,“ – განაცხადა ბილდტმა.

თუმცა, მისი თქმით, გასარკვევია ის საკითხები, რაც ჩაშლილი ტერორისტული მცდელობების შესახებ თბილისის განცხადებებს უკავშირდება და ამისთვის დიპლომატიური არხები უნდა იქნას გამოყენებული, "რათა შევეცადოთ და მივიღოთ პასუხები, რომლებიც ახლა არ გაგვაჩნია“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს არც ერთ ოფიციალურ პირს არ უთქვამს, რომ თბილისი შეწყვეტდა მოლაპარაკებებს. ვაშაძის თქმით, ის, რაც საქართველოს მთავარმა მომლაპარაკებელმა ჟენევის დისკუსიებზე გიგა ბოკერიამ განაცხადა, იყო, რომ საქართელოს ტერიოტორიაზე განხორციელებული ტერორისტული მცდელობები "საფრთხეს უქმნის ჟენევის მოლაპარაკებებს“.

"მაგრამ ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ამ მოლაპარაკებების შეწყვეტას ვაპირებთ; ჩვენ არ ვწყვეტთ მათ. უბრალოდ, ჩვენ ვეუბნებით რუსეთს, რომ არ შეიძლება გქონდეთ ორი კურსი – ტერორისტების წვრთნა და მათი ქვეყანაში შემოგზავნა და შემდეგ ჟენევაში ჩვენთან უსაფრთხოების სისტემაზე საუბარი,“ – განაცხადა ვაშაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის მოლაპარაკებების მე–16 რაუნდის შემდეგ განაცხადა, რომ ქართული მხარე იძულებული გახდება გადახედოს საკუთარ დამოკიდებულებას ჟენევის მოლაპარაკებებისადმი, თუ რუსეთი განაგრძობს "სახელმწიფოს დაფინანსებით წარმართულ ტერორისტულ კამპანიას“. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ივნისში ტერორისტული აქტის მოწყობის ორი მცდელობა აღკვეთა, რომელთა დამკვეთებიც აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მომუშავე რუსი ოფიცრები იყვნენ. საქართველოს საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ „არსებობს უტყუარი მტკიცებულება იმის, რომ ყველა ტერორისტული ქმედების დაგეგმვა და განხორციელება ხდებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის, ე.წ. FSB-სა და დაზვერვის მთავარი სამმართველოს, ე.წ. „გრუ"-ს წარმომადგენლების მიერ, რომელთა ვინაობაც დადგენილია".

"ქართული მხარე არ აპირებს არც ჟენევაში და არც ნებისმიერ სხვა ადგილას უსაფრთხოების ან ჰუმანიტარული ხასიათის საკითხების განხილვას რუსეთთან, მაშინ როდესაც მოსკოვი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმების დაგეგმვასა და განხორციელებას,“ – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ ჟენევის მე–16 რაუნდის შემდეგ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button